აქციების კანონი

MAC: ციცქიშვილის დაკავება დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმის მორიგი შემთხვევაა

მედიის ადვოკატირების კოალიცია ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტის, ქეთა ციცქიშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

"მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქეთა ციცქიშვილი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მოტივით დააკავეს. მისი დაკავება დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმისა და ზეწოლის კიდევ ერთი შემთხვევაა.

ქართული ოცნების მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს ქეთა ციცქიშვილს, ვახო სანაიას და ყველა უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეს, რომლებიც რეპრესიული კანონმდებლობის მსხვერპლნი გახდნენ. კოალიცია მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ჟურნალისტების მიმართ მიზანმიმართული დევნის შეწყვეტას". - წერს მედიის ადვოკატირების კოალიცია.

დღეს, ჟურნალისტმა ქეთა ციცქიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა - "ჩემამდეც მოვიდნენ, მომაკითხეს მილიციელებმა." საქმე, სავარაუდოდ, აქციაზე გზის გადაკეტვას ეხება.

ცნობისთვის,გუშინ, გზის გადაკეტვისთვის დაკავებულ ფორმულას ჟურნალისტს, ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები