ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ზაზა გაბუნია მექსიკაში საქართველოს ელჩი აღარ იქნება.
ივანიშვილის მთავრობის განკარგულებით, რომელიც ყაველაშვილს წარედგინა, გაბუნია თანამდებობიდან 2025 წლის 25 დეკემბრიდან გათავისუფლდება. განკარგულების მიხედვით, გათავისუფლების მიზეზი როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლაა.
"საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ღ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს წინადადება, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო, 2025 წლის 25 დეკემბრიდან ზაზა გაბუწიას მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ". - ნათქვამია ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაში, რომელიც 10 ოქტომბრით თარიღდება.
ზაზა გაბუნია მექსიკაში საქართველოს ელჩად 2021 წელს დაინიშნა.
ზაზა გაბუნია ქართული ოცნების დეპუტატი იყო 2016-2020 წლებში, მე-9 მოწვევის პარლამენტში. 2014-2016 წლებში ის იყო ნაძალადევის რაიონის გამგებელი, ხოლო 2013-2014 წლებში თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე.





