ბოსნია-ჰერცეგოვინა

ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის პარლამენტმა დროებით პრეზიდენტად ანა ტრიშიჩ-ბაბიჩი დანიშნა

Sarajevo Times

ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი სერბთა რესპუბლიკის პარლამენტმა დროებით პრეზიდენტად ანა ტრიშიჩ-ბაბიჩი დანიშნა. ის თანამდებობას ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაიკავებს, რომელიც 23 ნოემბერს იგეგმება. 

გარდა ამისა, პარლამენტმა ასევე გააუქმა რიგი კანონები, რომლებსაც დოდიკმა გასულ წელს მოაწერა ხელი, მას შემდეგ, რაც ბოსნიის სასამართლომ მას ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს, ბოსნიის მთავარმა საარჩევნო ორგანომ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სერბთა რესპუბლიკის პრორუსული განწყობების მქონე ლიდერს, მილორად დოდიკს პრეზიდენტის მანდატი ოფიციალურად გაუუქმა, მას შემდეგ, რაც მას ერთწლიანი პატიმრობა და პოლიტიკური საქმიანობის ექვსწლიანი აკრძალვა მიესაჯა.

ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში დოდიკმა თქვა, რომ დროებითი პრეზიდენტი მხოლოდ "ფორმალურ" ვალდებულებებს შეითავსებს, თუმცა სერბთა რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, ნამდვილი პრეზიდენტი კვლავ თავად არის.  

Reuters-თან საუბრისას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი პარლამენტის მიერ დროებითი პრეზიდენტის დანიშვნას მიესალმა და თქვა, რომ ეს "ბოსნია-ჰერცეგოვინაში კრიზისის განმუხტვის" ძალისხმევის შედეგია, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობდა.

"აშშ მიესალმება სერბთა რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დღევანდელ ნაბიჯს, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინაში სტაბილურობას განამტკიცებს. ეს ასევე ხსნის გზას აშშ-სთან ერთობლივ ინტერესებზე, ეკონომიკურ პოტენციალსა და საზიარო კეთილდღეობაზე დაფუძნებული კონსტრუქციული პარტნიორობისთვის". - თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსმა მაღალჩინოსანმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბრენდან ჰანრაჰანმა Reuters-ისთვის მიცემულ განცხადებაში. 


26 თებერვალს ბოსნიის სასამართლომ დოდიკს, რომლის წინააღმდეგაც გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს სანქციები მოქმედებს, ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა და მას 6 წლით თანამდებობის დატოვება დაავალა გაეროს უმაღლესი საერთაშორისო წარმომადგენლის ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის.

დოდიკი ემხრობოდა ისეთი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც კონსტიტუციური სასამართლოსა და გაეროს უმაღლესი საერთაშორისო წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის გადაწყვეტილებებს აუქმებდა. შმიდტის თანამდებობა 1995 წელს ბოსნია და ჰერცეგოვინაში ომის ხელახალი გაღვივების აღკვეთის მიზნით შეიქმნა.

გადაწყვეტილების პასუხად დოდიკმა ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც ცენტრალურ სასამართლოს და ცენტრალურ პოლიციას რეგიონზე წვდომას უზღუდავს, რის გამოც სახელმწიფო პროკურატურამ მის წინააღმდეგ კონსტიტუციურ წესრიგზე თავდასხმის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. 

12 მარტს, ბოსნიის პროკურატურამ დოდიკისა და ავტონომიური ერთეულის მთავრობის სხვა წევრების დაკავების ბრძანება გასცა, მას შემდეგ, რაც ისინი სასამართლოში კონსტიტუციურ წესრიგზე თავდასხმის საქმეზე არ გამოცხადნენ.

ასევე, დოდიკს არაერთხელ გაუკეთებია სეპარატისტული განცხადებები.

2021 წლის დეკემბერში დოდიკმა სერბთა რესპუბლიკის სეცესია სცადა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუციებიდან, როგორიცაა სასამართლო, საერთო შეიარაღებული ძალები და საგადასახადო სისტემა. დოდიკმა, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, ასევე შიშით, რომ უკრაინის კონფლიქტი ბალკანეთს გადაედებოდა, სეცესიისგან თავი შეიკავა. ის ამბობდა, რომ გეგმას აფერხებდა და არა უარს ამბობდა.

ბოსნია-ჰერცეგოვინის სახელმწიფოში გაერთიანებულია ორი პოლიტიკური ერთეული: სერბთა რესპუბლიკა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია, რაც 1995 წელს დეიტონის ზავის შედეგია, რომელმაც ბოსნიის ომი დაასრულა. 

ბოსნიის ომი 1992 წელს, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ დაიწყო, როდესაც ბოსნიელმა სერბებმა, იუგოსლავიის ჯარების დახმარებით, სცადეს ეთნიკურად სუფთა ტერიტორიების შექმნა და სერბეთთან გაერთიანება. ამავეს ცდილობდნენ ბოსნიელი ხორვატებიც, ხორვატიის დახმარებით. 

ომი მუსლიმ ბოსნიელებს, მართლმადიდებელ სერბებსა და კათოლიკ ხორვატებს შორის 1995 წელს აშშ-ს შუამავლობით გაფორმებული დეიტონის შეთანხმებით დასრულდა. ზავის შედეგად, ერთ ქვეყანაში გაერთიანდა ორი ადმინისტრაციული ერთეული: სერბული უმრავლესობის სერბთა რესპუბლიკა და ბოსნიელებისა და ხორვატების უმრავლესობის ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია.

კომენტარები