ბოსნია-ჰერცეგოვინა

ბოსნია-ჰერცეგოვინის უშიშროების მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

26 დეკემბერს ბოსნია-ჰერცეგოვინაში ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით უშიშროების მინისტრი, ნენად ნეშიჩი და კიდევ 6 პირი დააკავეს. სახელმწიფო პროკურატურის განცხადების თანახმად, მათ ბრალად ედებათ ფულის გათეთრება, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ქრთამის აღება.

სახელმწიფო პროკურატურა და დეცენტრალიზებული ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბთა ავტონომიური რესპუბლიკის (RS) შინაგან საქმეთა სამინისტრო სავარაუდო კორუფციის შემთხვევებს სახელმწიფო კომპანიაში RS-ის გზები იძიებენ. აღნიშნულ კომპანიაში ნენად ნეშიჩი გენერალური მენეჯერის პოზიციას 2016-2020 წლებში იკავებდა.

დააკავეს ასევე კომპანიის ამჟამინდელი გენერალური მენეჯერი, მილან დაკიჩი და მლადენ ლუჩიჩი, რომელიც ნენად ნეშიჩის ხელმძღვანელობით მოქმედი დემოკრატიული სახალხო ალიანსის პარტიის წევრია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ლუჩიჩს ბრალი ედებოდა თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, როცა ის მუნიციპალური ასამბლეის დეპუტატის პოზიციას იკავებდა.

კომენტარები