ბოსნია-ჰერცეგოვინა

ბოსნიელი სერბების გაფრთხილების ნიშნად, აშშ-მ ბოსნიის თავზე ავიაგამანადგურებლები გადააფრინა

მილორად დოდიკი
EPA

ბოსნია-ჰერცეგოვინაში ბოსნიელი სერბების მიერ სერბთა რესპუბლიკის დღის აღნიშვნამდე ერთი დღით ადრე აშშ-ს საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მათი საჰაერო ძალების ორი F-16 ქვეყნის საჰაერო სივრცეში ბოსნიისა და ჰერცეგოვინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად 8 იანვარს წვრთნებს ჩაატარებდა. 

"ეს ორმხრივი წვრთნები არის ჯართაშორის არსებული მაღალი კოოპერაციის მაგალითი, რომელიც ეხმარება დასავლეთ ბალკანეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას და ასევე არის დემონსტრაცია, რომ შეერთებული შტატები მონდომებულია დაიცვას ბოსნია-ჰერცეგოვინის ტერიტორიული მთლიანობა ანტი-დეიტონური და სეცესიონისტური აქტიურობის პასუხად. შეერთებული შტატები ხაზს უსვამს, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინის კონსტიტუციით არაა გათვალისწინებული სეცესიის უფლება და თუ ვინმე დეიტონის [შეთანხმების] ამ ძირეული ელემენტის ცვლილებას შეეცდება, ვიმოქმედებთ". – ნათქვამია განცხადებაში. 

აქამდე, გასულ დღეებში ბოსნია-ჰერცეგოვინაში შემავალი სერბთა რესპუბლიკის ლიდერი, პრორუსულად განწყობილი მილორად დოდიკი კვლავ სეპარატისტულ განცხადებებს აკეთებდა. 

AP-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან პირობა დადო, რომ სერბთა რესპუბლიკა ბოსნია-ჰერცეგოვინას გამოეყოფოდა.

"აშშ-ს და ბრიტანეთს მოსწონთ თუ არა, ჩვენ ადმინისტრაციულ საზღვარს პოლიტიკურ ერთეულებს შორის ჩვენს ეროვნულ საზღვრად გარდავქმნით". – თქვა დოდიკმა.

დოდიკის სიტყვები დაგმო აშშ-ს ელჩმა ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში.

სერბთა რესპუბლიკის დღის აღნიშვნის წინ, აშშ-ს საელჩომ ხაზი გაუსვა, რომ ეს ქმედება არაკონსტიტუციურია.

9 იანვარს ბოსნიელ სერბთა ნაწილი სერბთა რესპუბლიკის დღეს აღნიშნავს. 1992 წლის 9 იანვარს სრაევოში სერბი ხალხის კონსტიტუციურმა ასამბლეამ გამოსცა ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის გამოცხადების დეკლარაცია, რომლის მიზანიც სეცესია იყო. ამ ქმედებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, აპრილში დაიწყო ბოსნიის ომი. კონფლიქტის დასრულების შემდეგ რესპუბლიკამ არსებობა გააგრძელა, თუმცა ბოსნია-ჰერცეგოვინის ფარგლებში.

2015 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინის საკონსტიტუციო სასამართლომ სერბთა რესპუბლიკის დღის აღნიშვნა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. მიზეზად ასახელებდნენ ფაქტს, რომ ეს დღე ემთხვეოდა რელიგიურ დღესასწაულს. სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ სასამართლოს გადაწყვეტილება უგულებელყო.

უკვე რამდენიმე წელია, რაც მილორად დოდიკი ბოსნია-ჰერცეგოვინისგან სერბთა რესპუბლიკის გამოყოფითა და  სერბეთთან გაერთიანებით იმუქრება.

ბოსნიის ომი 1992 წელს, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ დაიწყო, როდესაც ბოსნიელმა სერბებმა, იუგოსლავიის ჯარების დახმარებით, სცადეს ეთნიკურად გაწმენდილი ტერიტორიების შექმნა და სერბეთთან გაერთიანება. ამავეს ცდილობდნენ ბოსნიელი ხორვატებიც, ხორვატიის დახმარებით. 

ომი მუსლიმ ბოსნიელებს, მართლმადიდებელ სერბებსა და კათოლიკ ხორვატებს შორის 1995 წელს აშშ-ს შუამავლობით გაფორმებული დეიტონის შეთანხმებით დასრულდა. ზავის შედეგად, ერთ ქვეყანაში გაერთიანდა ორი ადმინისტრაციული ერთეული: სერბული უმრავლესობის სერბთა რესპუბლიკა და ბოსნიელებისა და ხორვატების უმრავლესობის ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია. ასევე, სახელმწიფოს შემადგენლობაშია ბრჩკოს თვითმმართველობის მქონე ოლქი. ქვეყნის საპრეზიდენტო ორგანო სამნაწილიანია და მისთვის ირჩევენ ბოსნიელ, სერბ და ხორვატ მოხელეებს.

კომენტარები