4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს, თემურ ქურციკიძეს და გიორგი ტალახაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდათ - გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კილიჩენკომ მიიღო.
მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება) აქვს წარდგენილი, იმავე ქმედებას ედავება პროკურატურა გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს, თემურ ქურციკიძეს კი ბრალი 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე გუშინ კიდევ 16 პირი დააკავეს. ამის შესახებ ივანიშვილის შს მინისტრმა გეკა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ჯამში, დაკავებულია 62 ადამიანი. გელაძის თქმითვე, უცხოეთში მყოფ კიდევ ორ პირზე დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, ერთერთი - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილია, რომელსაც პატიმრობა დღეს უკვე შეეფარდა.





