აქციების კანონი

ბრაზს არათუ გააქრობს, კიდევ უფრო გაამძაფრებს - თავისუფლების მოედანი აქციების კანონზე

მოძრაობა თავისუფლების მოედანი გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომლის განხილვასაც ივანიშვილის პარლამენტი დაჩქარებული იწყებს. მოძრაობა წერს, რომ აქციებთან დაკავშირებით კანონის კიდევ უფრო გამკაცრება საზოგადოებაში ბრაზს მეტად გაამძაფრებს.

"ქართული ოცნება დემონსტრაციების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას ცდილობს, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ვერ პოულობს იმ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს, რომელშიც თავად შეიყვანა თავი. მიგვაჩნია, რომ ოცნება მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოებისთვის მოქალაქეობის უფლების წართმევას, მათ შორის პოლიტიკური ორგანიზების, პარტიული საქმიანობისა და საჯარო პროტესტის უფლების პრაქტიკული გაუქმებით. ამ ქმედებებს ჩვენ დავუპირისპირდებით სამართლებრივი, პოლიტიკური და საერთაშორისო მექანიზმების სრული გამოყენებით.

ოცნების ეს ნაბიჯები უკმაყოფილებისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრაზს არათუ გააქრობს, არამედ კიდევ უფრო გაამძაფრებს. ყოველი რეპრესირებული მოქალაქის უკან მისი ოჯახი, სამეგობრო და პროფესიული ჯგუფები დგანან. ყოველი მოქალაქის მიმართ ჩადენილი უკანონო ქმედება აღქმული იქნება, როგორც მასზე, მის ოჯახსა და საზოგადოებრივ წრეზე თავდასხმა. შეკრებისა და პროტესტის უფლება კონსტიტუციურად გარანტირებულ ღირებულებას წარმოადგენს. ყველა შემთხვევა, როცა პირი ამ უფლების გამოყენებისთვის დაისჯება, აუცილებლად გახდება სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საგანი მომავალში". - წერია განცხადებაში.

თავისუფლების მოედანი წერს, რომ ისინი წინააღმდეგობას გააგრძელებენ და პროტესტის გაფართოებისთვის დამატებით ნაბიჯებს გადადგამენ.

ქართულ ოცნებას ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებები შეაქვს, რომლის მიხედვითაც, აქციაზე სახის ნიღბით დაფარვისა და გზის გადაკვეტვის პირველივე შემთხვევები 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება. 

ამასთან ერთად, 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს ისეთ მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება. 

ასევე ცვლილებებით, 1 წლამდე პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც პოლიციელს მესამედ მიაყენებს შეუარცხყოფას ან არ დაემორჩილება მის განკარგულებას.

კომენტარები