რუსული გაზეთი Коммерсантъ კრემლზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რუსი ჟურნალისტი ციხიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანა.
აზერბაიჯანის მთავრობის ორმა წევრმა იგორ კარტავიხის გათავისუფლების შესახებ Reuters-ს განუცხადა. ერთ-ერთმა მათგანმა დაამატა, რომ ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ემუქრება თუ არა ჟურნალისტს სამომავლოდ სამართლებრივი დევნა.
რუსული მედიის ცნობით, იგორ კარტავიხის გათავისუფლების სანაცვლოდ ციხიდან აზერბაიჯანის მოქალაქე გამოუშვეს, რომლის ვინაობაც არ დაუდასტურებიათ.
რუსეთ-აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბულობის ფონზე Sputnik Azerbaijan-ის აღმასრულებელი დირექტორი იგორ კარტავიხი რამდენიმე კოლეგასთან ერთად ივნისში დააკავეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება იგორ კარტავიხსა და ევგენი ბელოუსოვს ФСБ-ს აგენტობაში სდებდა ბრალად.
Sputnik Azerbaijan-ის ჟურნალისტები მას შემდეგ დააკავეს, რაც რუსეთმა ეთნიკური აზერბაიჯანელები რამდენიმე გაუხსნელი დანაშაულის ბრალდებით დააკავა. მათგან ორი მოქალაქე რუსეთის პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა, რამაც აზერბაიჯანის აღშფოთება გამოიწვია.
30 ივნისს აზერბაიჯანელი სამართალდამცველები რუსული პროპაგანდისიტული მედია Sputnik-ის ადგილობრივი შტოს ოფისში შევიდნენ და გაჩხრიკეს. ადგილობრივი მედიები წერდნენ, რომ დააკავეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ორი თანამშრომელი. თავად Sputnik-მა გაავრცელა ცნობა, რომ დააკავეს მათი აზერბაიჯანული რედაქციის ხელმძღვანელი, იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი, ევგენი ბელოუსოვი. ФСБ-ს აგენტობას სწორედ მათ აბრალებდნენ.
9 ოქტომბერს ტაჯიკეთში გამართულ დუშანბეს რეგიონულ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს უთხრა, რომ გასულ წელს ორი რუსული რაკეტა აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის მახლობლად აფეთქდა, რის შედეგადაც ბაქო-გროზნოს რეისი ყაზახეთში ჩამოვარდა.
პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ამ "ტრაგიკული შემთხვევის" კომპენსაციას გადაიხდის და შესაბამის გამოძიებასაც ჩაატარებს.





