რუსეთ-აზერბაიჯანი

რუსეთმა ურალის აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელზე ძებნა გამოაცხადა

Дмитрий Антоненков, 66.RU

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ურალის რეგიონის ადგილობრივი აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელზე, შახინ შიხლინსკიზე ძებნა გამოაცხადა.

სამინისტროს ბაზაში შიხლინსკის შესახებ ჩანაწერში, რომელიც რუსულ მედიაში გავრცელდა, აღნიშნულია, რომ შიხლისნკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული, თუმცა ბრალდების მუხლი არ კონკრეტდება. 

გამოცემა Коммерсант-Урал საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსი სამართალდამცავები შიხლინსკის შესაძლოა ეთნიკური დაჯგუფების ლიდერობაში სდებენ ბრალს, რომელიც, გამოცემის წყაროების მტკიცებით, სხვადასხვა უკანონო საქმიანობით იყვნენ დაკავებულები, მათ შორის, პროსტიტუციის ორგანიზებით, პორნოგრაფიის გავრცელებით და ნარკოტიკებით ვაჭრობით.  

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში შიხლინსკი ორჯერ დააკავეს - 27 ივნისს ის აზერბაიჯანული დიასპორის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დააკავეს, თუმცა შემდგომ გაათავისუფლეს.

მოგვიანებით, 1-ელ ივლისს, მოსკოვსა და ბაქოს შორის მზარდი დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე, შიხლინსკი ხელახლა დააკავეს. ცნობების მიხედვით, შიხლინსკი სასამართლოში მოწმის სახით უნდა მიეყვანათ, თუმცა მის დაკავების ვიდეოში პოლიციის ძალადობა და მისი მანქანის დაზიანება ჩანდა.

დაკითხვის შემდეგ შიხლინსკი გამოუშვეს, თუმცა მალევე მისი შვილი სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 


ცნობისთვის, ბაქოსა და მოსკოვს შორის ბოლო დიპლომატიური ესკალაცია 27 ივნისის შემთხვევას მოჰყვა. ამ დღეს რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ეკატერინბურგში პოლიციამ ეთნიკურად აზერბაიჯანელების წინააღმდეგ რეიდი ჩაატარა. დააკავეს რამდენიმე პირი. ორი მათგანი ძმები, ჰუსეინ და ზიადდინ საფაროვები დაკავების დროს მოკვდნენ. რამდენიმე პირი  საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი დღის შემდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აღკვეთეს "ეთნიკური დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა". 

დაძაბულობა რუსეთ-აზერბაიჯანს შორის – კარგავს თუ არა რუსეთი გავლენებს სამხრეთ კავკასიაში

28 ივნისს ორი აზერბაიჯანელის დაკავების დროს გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მათ რუსი ძალოვნების ქმედებას "მიუღებელი ძალადობა" უწოდეს, მოითხოვეს ძალის გადამეტებაზე გამოძიების ჩატარება და დამნაშავეების სასწრაფოდ დასჯა. ბაქოში, საგარეო უწყებაში დაიბარეს რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული და “კატეგორიული პროტესტი” გამოუცხადეს. ამ მოვლენების ფონზე ბაქომ გააუქმა აზერბაიჯანის პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი, რომელიც რუსეთშიუნდა გამართულიყო. ეს ღონისძება აზერბაიჯან-რუსეთის თანამშრომლობის 23-ე პარლამენტთაშორის სხდომის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო. გააუქმეს კულტურული ღონისძიებებიც, რომლებიც მოსკოვის ჩართულობით იგეგმებოდა.

30 ივნისს ბაქოში მდებარე რუსული პროპაგანდისტული მედია Sputnik-ის ოფისში პოლიცია შევიდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ოპერაციის ფარგლებში, სხვადასხვა ბრალდებით, სულ შვიდი ადამიანი დააკავეს. 

მოგვიანებით, მოსკოვსა და ბაქოს შორის მზარდი დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე, ეკატერინბურგში ურალის რეგიონის ადგილობრივი აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი, შახინ შიხლინსკი დააკავეს

2 ივლისს აზერბაიჯანში რუსეთის ფედერაციის ელჩი, მიხაილ იევდოკიმოვი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა და რუსეთის ქმედებები გააკრიტიკა, რომლებიც "მეგობრულ სულისკვეთებას" უპირისპირდება და "ორმხრივ ურთიერთობებზე უარყოფითად მოქმედებს". 

4 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ მოსკოვის ოლქის აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელს, ელშან იბრაჰიმოვს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. რუსულ მედია РБК-სთან საუბარში მათი წყარო ირწმუნებოდა, რომ ეს, ესკალაციამდე, 18 ივნისს მოხდა და მიზეზი რუსეთის "ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა" იყო. 9 ივლისს იბრაჰიმოვი რუსეთიდან გააძევეს. მორიგი საპასუხო ქმედებების შესახებ ცნობა უკვე აზერბაიჯანიდან გავრცელდა. 10 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დააკავეს წარსულში კსკ ვაგნერის რიგებში მებრძოლი ორი აზერბაიჯანელი. ამავე დღეს რუსეთში აზერბაიჯანული რძის პროდუქტების შეტანა აიკრძალა.

კომენტარები