სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაკავებული პოეტის, ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ პოლიციელისთვის ერთჯერადი სილის გაწვნა სამართალდამცველზე თავდასხმის ხარისხს ვერ აღწევს.
"აღსანიშნავია, რომ ზვიად რატიანი პოლიციელისთვის სახეში სილის გაწვნას არ უარყოფს, თუმცა, მიგვაჩნია, რომ მისი ქმედება, როგორც მინიმალური ინტენსივობის, ერთჯერადი სილა ვერ აღწევს პოლიციელზე თავდასხმის ხარისხს.
სილის გაწვნა, როგორც სპონტანური და სიმბოლური ჟესტი, არ განეკუთვნება იმგვარ აგრესიულ ქმედებას, რომელიც დააზიანებდა ან საფრთხეს შეუქმნიდა პოლიციელის ჯანმრთელობას ან სახელმწიფოს მმართველობითი ფუნქციის შესრულებას. აღნიშნულს სისხლის სამართლის საქმის მასალებიც ადასტურებს.
უნდა აღინიშნოს, რომ თავად საერთო სასამართლოებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, აგრეთვე მიჩნეულია, რომ პოლიციის თანამშრომელზე ერთჯერადად ხელის დარტყმა არ წარმოადგენს პოლიციელზე თავდასხმას.
მიგვაჩნია, რომ დადგენილ სასამართლო პრაქტიკასთან ერთად, სასამართლომ ზვიად რატიანის საქმის განხილვისას აგრეთვე უნდა გაითვალისწინოს კონტექსტი, რომელიც წინ უსწრებდა მის ქმედებას, კერძოდ, ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციები და თავად პოლიციის თანამშრომელთა ძალადობრივი ქმედებები პროტესტის მონაწილეების მიმართ". - წერს SJC.
ზვიად რატიანის საქმეზე დღეს, 9 ოქტომბერს დასკვნითი სხდომა გაიმართება. პოეტი საბოლოო სიტყვას იტყვის, სავარაუდოდ, გამოცხადდება განაჩენიც.
ზვიად რატიანი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 24 ივნისს დააკავეს. მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





