საპროტესტო აქციები

ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, გავაფართოოთ და გავაძლიეროთ პროტესტი - საზმაუს მარში

საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროტესტო მარშის ორგანიზატორების შეფასებით, ბოლო დღეების მოვლენები ცხადყოფს, რომ წინააღმდეგობის ახალი ფაზა იწყება. როგორც მათ რუსთაველის ძეგლთან განაცხადეს, ამ კრიტიკულ პროცესში უპასუხისმგებლო პოლიტიკის დრო არ არის. საზმაუს მარშის ორგანიზატორები აპირებენ, გააფართოვონ და გააძლიერონ პროტესტი.

"გვჯერა, რომ ახლა, როდესაც ქვეყანაში ავტორიტარიზმი ყოველდღიურად ძლიერდება, მხოლოდ თანაგრძნობაზე დაფუძნებულ, პასუხისმგებლიან სახალხო წინააღმდეგობას შეუძლია დაუპირისპირდეს რეჟიმს. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია რეჟიმის ყველაზე მძლავრი იარაღისკენ, პროპაგანდისკენ, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის მიმართვა.

სწორედ ამიტომ, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ გავაფართოოთ და გავაძლიეროთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტი და პროპაგანდას ყველა შესაძლო რესურსით ერთად დავუპირისპირდეთ. ამისათვის, ვგეგმავთ:

1) საჯარო, განსაკუთრებით კი პერიფერიების სივრცეებში -  პარკებში, მეტროს სადგურებში თუ ბაზრობებში - იმ ინფორმაციის მასობრივად გაჟღერებას, რომელსაც სამთავრობო მედია წლებია, მალავს. ამავდროულად, ციფრულ პლატფორმებზე ჩვენი პროტესტის გაძლიერებას და ინტერნეტ სივრცეში პროპაგანდასთან მეტად აქტიურ ბრძოლას.

2) მარშების რუტინის ეტაპობრივ ცვლილებას - არა ყოველდღიური ტრაექტორიის გამეორებას, არამედ მსვლელობის გზის გაფართოებას და გამრავალფეროვნებას; კონკრეტული თემით განსაზღვრულ, დათქმულ თარიღებში, საინფორმაციო მსვლელობების მასშტაბურ ორგანიზებას.

3) ანალოგიური შეთავაზება კრიტიკულ მედიებს, რა მოთხოვნებიც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიმართ გვაქვს. ვგრძნობთ აუცილებლობას, რომ საეთერო დრო მეტი სიხშირით უნდა დაეთმოს პროტესტის მონაწილე თუ მის გარეთ მყოფი ხალხის აზრს და არა მხოლოდ კარგად ნაცნობი, პოლიტიკური სახეების სათქმელს.

გვინდა მტკიცედ, ეჭვშეუტანელი რწმენით ვთქვათ: ვერავინ შეძლებს, ამ ქვეყნის ხალხში გააქროს თანაგრძნობა. ჩვენ ვაგრძელებთ ერთმანეთის მხარდამხარ ბრძოლას და ვამბობთ, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე, სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებამდე და საზოგადოების კუთვნილი სამართლის დაბრუნებამდე. 

თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, სოლიდარობისთვის - ბოლომდე" - ამ განცხადების შემდეგ, ორგანიზატორები მოქალაქეებთან ერთად მარშით პარლამენტისკენ წავიდნენ, რის შემდეგაც, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა.

კომენტარები