პროკურატურა

POG: ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წელს გასამართლებული 2 მსჯავრდებული გაამართლა

პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წელს გასამართლებულების მზევინარ და ჯამბულ ჯაფარიძეების მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა.

უწყების ცნობით, 2010 წელს, ჯამბულ და მზევინარ ჯაფარიძეები სხვა პირებთან ერთად გასამართლდნენ ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე. 

"იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, კანადის მოქალაქე უ.ს-მ დაბა მესტიაში შეიძინა ტურისტული ბაზა უშბ“ და მის სახელზე არსებული ქონების მართვაში თავის მინდობილ პირად დ.ქ. დანიშნა, რომელმაც გადაწყვიტა დაეთვალიერებინა დასახელებული უძრავი ქონება და დაეგეგმა მისი აღდგენისა და ამოქმედებისთვის აუცილებელი ღონისძიებები.

იგი, 2010 წლის 30 ივნისს ჩავიდა დაბა მესტიაში, სადაც გაარკვია, რომ ზოგიერთ ადგილობრივს გარკვეული პრეტენზია გააჩნდა ზემოხსენებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით. სიტუაციაში გარკვევის მიზნით, დ.ქ. სასტუმრო მესტიაში შეხვდა ბრალდებულებს და მათ ნათესავებს. მსჯავრდების საქმის თანახმად, ბრალდებულებმა დ.ქ. -ს განუცხადეს, რომ მათ არ გააჩნდათ დასახელებული უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო ზემოხსენებული ტურისტული ბაზა, წარსულში ეკუთვნოდა მათ და მათ წინაპრებს.

მსჯავრდების საქმის მიხედვით, ტურისტული ბაზის მართვის განხორციელებისა და ბაზაზე სამუშაოების შეუფერხებლად ჩასატარებლად აღნიშნულმა პირებმა ძალადობის მუქარით დ.ქ. -ს მოსთხოვეს მათთვის გადაეხადა 220 000 (ორას ოცი ათასი) ლარის ოდენობის ფულადი თანხა.

2010 წლის 07 ივლისს დ.ქ. სასტუმრო მესტიაში შეხვდა შ. ჯ. - ს, დ. ჯ. -ს და ტ. ჯ.-ს და გადასცა მათ მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი 70 000 ლარის ოდენობით. თანხის გადაცემის დროს სამართალდამცავებმა აღნიშნული პირები დააკავეს. ასევე საკუთარ სახლში დააკავეს მზევინარ ჯაფარიძე, ხოლო ჯამბულ ჯაფარიძეს მოგვიანებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და გამოცხადდა ძებნა". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

მათივე ცნობით, ხელახლა დაწყებული გამოძიების ფარგლებში გაირკვა, რომ მზევინარ და ჯამბულ ჯაფარიძეები თანხის გადაცემის შეხვედრაზე არ ყოფილან, არ დადგინდა დანაშაულის ჩადენის ფაქტი. 

"სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით გამოირიცხა ყოფილ მსჯავრდებულთა მიერ რამე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი და დადგინდა, რომ მზევინარ და ჯამბულ ჯაფარიძეები არ დასწრებიან შეხვედრებს, რომელზეც დ.ქ.-ს მიერ სხვა მსჯავრდებული პირებისათვის თანხის გადაცემა განხორციელდა. პროკურატურის შუამდგომლობისა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე 2025 წლის 7 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზევინარ და ჯამბულ ჯაფარიძეების მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა". - წერს პროკურატურა. 

პროკურატურამ ჯამბულ და მზევინარ ჯაფარიძეების საქმის გადასინჯვის გადაწყვეტილება 2024 წლის 18 ივნისს მიიღო. 

კომენტარები