ქართული ოცნების წევრის და ფრაქციის თავმჯდომარის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, "სრული სიცრუეა", რომ აშშ-ში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს ივანიშვილის სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადებების პასუხად.
ინფორმაცია ტალიაშვილის დაბარების შესახებ რადიო თავისუფლებამ გაავრცელა. მედია წერს, რომ მათ აღნიშნული საელჩოს სპიკერმაც დაუდასტურა.
კირცხალია ადასტურებს, რომ სახდეპში ტალიაშვილთან შეხვედრა შედგა.
"რადიო თავისუფლების წყარო ძალიან ცდება. [...] სრული სიცრუეა, სრული სიცრუეა. ქალბატონი თამარი აორგანიზებს ძალიან ბევრ შეხვედრას, ზოგს თავისი მოწვევით, ზოგს სახ.დეპის მოწვევით. ასე რომ, დამერწმუნეთ, დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა გაიწელა ეს ჯანსაღად გადატვირთვის პოლიტიკა და ამაშიც არის ალბათ რადგან ვუყურებტ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და ამერიკის როლს, სხვადასხვა საერთაშორისო საკითხებში და კარგადაც ვხედავთ, რომ რეალურად მთელი მსოფლიო ეკონომიკურ-პოლიტიკური არქიტექტურა შიცვალა, ტრამპის ადმინისტრაციის შემდეგ. ჩვენ დიდი იმედი, ძალიან პრაგმატული და ობიექტური მოლოდინები გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა გადავა თვისობრივად ახალ ეტაპზე.
კიბატონო, შეხვედრა მოხდა სახელმწიფო დეპარტამენტში. გააჩნია ვინ გვადანაშაულებს, უელჩო საელჩო, სადაც "სტაფერები" კარგად ვიცი როგორ არის დაკომპლექტებული. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობების გადატვირთვას, დამერწმუნეთ, ის "სტაფერები", რომლებიც ამ განცხადებებს აკეთებენ და ის ქარდის ავტორები, რომელი ქარდებითაც სამწუხაროდ და სამარცხვინოდ გვესაუბრებოდნენ. ვერ ჩავთვლი, რომ არის რაღაც პოზიციის დაფიქსირება. სრული სირცუეა ის ნარატივი და ფორმულირება, რაც რადიო თავისუფლებამ გააკეთა" . - განაცხადა კირცხალიამ.
მისივე თქმით, თუ რამე დამატებითი განმარტების გაკეთებას საჭიროდ ჩათვლიან, საელჩო განცხადებას გაავრცელებს.
რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად მიწერილ განცხადებაში საელჩოს სპიკერი წერს, რომ ტალიაშვილი აშშ-ს სახდეპმა დაიბარა, რათა “სერიოზული წინააღმდეგობა გამოეთქვა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომლებიც აძლიერებენ მედიაში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც არასწორად ახასიათებს აშშ-ის მთავრობის რუტინულ ფინანსურ ტრანსფერებს აშშ-ის ხელისუფლების ყოფილი თანამშრომლების მიმართ”.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ 2 ოქტომბერს სამთავრობო, პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში თქვა, რომ "ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს, რომელიც არის დიდი თავისი შტატით, მოცულობით, შენობითაც კი მთელ მსოფლიოში, ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და სინამდვილეში, დაახლოებით, 95-99% შემთხვევაში, ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალიზმს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს"
"ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული". - ირწმუნებოდა მდინარაძე.





