4 ოქტომბრის აქცია

კალაძე: თუკი რაიმე უბედურება ხდება ქვეყანაში, ყველაფერი გარედან დაფინანსებულია

ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდებოდა. დაველოდოთ გამოძიებას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შესაბამის უწყებას პრევენციული ღონისძიებებისთვის იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და უსაფრთხოება. ჩვენ ვიცით, რომ მტერი არ ისვენებს, ყველანაირად ცდილობს, სხვადასხვა ხერხით, ქვეყანაში დაძაბულობა და არეულობა შემოიტანოს. აგერ, რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ. შესაბამისად, ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. კიდევ ერთხელ მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის.

რადიკალები ჩვეულებრივი აგენტურული ქსელის წარმომადგენლები არიან, კრიმინალები, მოძალადეები. თუკი რაიმე უბედურება ხდება ქვეყანაში, ყველაფერი გარედან დაფინანსებულია და ეს უსახური ადამიანები, ეს მოძალადეები, რომლებიც რამდენიმე ცალია დარჩენილი, რა თქმა უნდა, შექმნილია გარე დაფინანსებით. ამას გარკვეული წელი დასჭირდა, თანხები აქვთ დახარჯული იმაში, რომ ამ ტიპის უზნეო, უმორალო, უპრინციპო, უსახური ადამიანები შეექმნათ. ამ ქვეყანაში მოძალადეებს, კრიმინალებს ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. მათი ადგილი არ არის პოლიტიკაში. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიხილეთ სახელმწიფო გადატრიალების, კონსტიტუციური წესრიგის დამხობის კონკრეტული მაგალითი და ამას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. ძალიან ბევრი ადამიანი აგებს პასუხს აღნიშნულთან დაკავშირებით.

თქვა კახა კალაძემ.

კომენტარები