აქცია რუსთაველის გამზირზე

ზურაბიშვილი: დღეს არის დაცვის დღე და მე ყველას მოგიწოდებთ, რომ ამ საღამოს ერთად ვიდგეთ

დღეს უნდა მივმართო საზოგადოებას, ერთად უნდა დავინახოთ სად ვართ და ხვალინდელი დღე როგორი უნდა იყოს, ამისთვის ჯერ უნდა გავიგოთ გუშინ რა მოხდა და რა გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ გუშინდელი დღიდან.

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა დავინახოთ, რომ რეჟიმს ჩაუვარდა არჩევნები, რამდენიც არ ეცადა, რამდენი დაიხარჯა ამ არჩევნებისთვის, არ გამოუვიდა და არ მივიდა ხალხი არჩევნებზე, იმიტომ რომ როგორც სხვებიც ამბობენ, ქართველი ხალხი ბრძენია და იციან სად უნდა მივიდნენ და როდის უნდა მივიდნენ. როცა შენ ელოდები, რომ გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები გამოსწორდეს და დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები და ამით გადავიდეთ ახალ პოლიტიკურ სივრცეში არ შეიძლება, რომ დათანხმდე ადგილობრივი არჩევნების ფარსზე, ეს ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად გაიგეს და ვინც არ იყო იძულებული ისინი არ მივიდნენ მონაწილეობის მისაღებად.

გუშინ, ამავე დროს გაცოცხლდა პროტესტი და გაცოხლდა სწორედ, როგორც პროტესტი ამ ადგილობრივი არჩევნების მიმართ, დრო იყო როცა საზოგადოებამ ჩათვალა, რომ დროა მე ამ გამოწვევას ვუპასუხო და უპასუხა მშვიდობიანად და გამოვიდა 70-80 ათასი , რომელიც ირაკლი კობახიძეს ეცოტავა, მაგრამ ამდენიც გამოვა და მეტიც გამოვა, ის რასაც ვამბობდით 300 და მეტი დღის მანძილზე, რომ პროტესტი არსად წასულა და ნებისმიერ დროს, როცა ჩაითვლება, რომ საჭიროა მეტი ხალხი და მეტი მუხტი ის აქ არის და არსად წასულა, ეს არის ჩვენი საზოგადოების სათქმელი, რომელიც ყველამ ძალიან კარგად დავინახეთ, ვისაც დანახვა არ უნდა და ვისაც შეუძლია დანახვა.

მესამე, რაც მოხდა იყო ის, რომ რუსული სპეცოპერაცია ჩავარდა და ყველამ უკვე გაიგო, რომ ეს იყო ნამდვილი რუსული სპეცოპერაცია, ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია, რომელიც ეფუძნებოდა ბევრ სხვადასხვა კომპონენტს, დიდი ხნის წინ მომზადებული, რომელიც ეფუძნება იმ, რაღაც უიმედობას, რომელიც შეიძლება დაგროვდა, დაღლილობაც არის, ყველაფერი, რაც ძალიან ბუნებრივია და ამაზე ითამაშეს და ამაზე მოაწყეს ერთგვარი ხაფანგი, რომელიც იყო პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა და მეც მეხებოდა ეს ხაფანგი, რამეთუ ეს პირდაპირ ურტყამს პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, რომელიც არის ის, რაც რეალურად გვრჩება, რაც არის ხალხის თვალში ნამდვილი ლეგიტიმაცია, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს სპეცოპერაცია ჩავარდა და დარჩა ეს დიდი მშვიდობიანი პროტესტი, თავისი სახე შეინარჩუნა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რამეთუ რეჟიმის მთავარი სამიზნე სწორედ ეს არის.

მართალია პრაქტიკულად ყველა პარტიის პოლიტიკური ლიდერი ციხეში ჩასვა, ან ქვეყნიდან გააძევა, მართალია აპირებს, რომ ამას დაამატოს პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს არ ყოფნის რეჟიმს, რეჟიმის სამიზნე არის საზოგადოება, მისი ძალა, რაც გამოიხატება, სწორედ ამ უწყვეტ, მშვიდობიან პროტესტში და ამას რა უყოს არ იცის, ამიტომ ყველანაირი მცდელობა, რომ შეაცდინოს, ან ეს პროტესტი თავისთავად ჩაკვდეს, მაგრამ ეს არ ხდება და რეჟიმი არის უძლური და მისი სისუსტე ყველას წინაშე ჩანს, მათი შინაგანი სისუსტე, ის უნდობლობა, რაც ჩვენ დავინახეთ ამ რეჟიმის წარმომადგენელთა შორის, ერთმანეთს რომ ებრძვიან და ჭამენ, ეს არის ამ 300 დღიანი პროტესტის შედეგი, დაინახეთ ესენი როგორ არიან შეშინებული, როგორ არიან ერთმანეთზე გადაკიდებულები, როგორ აღარ იციან ვის როგორ გამოძალონ თანხა და ეს თანხა სად მიდის, არც ჩვენ ვიცით და თვითონაც ბევრმა არ იცის.

ეს ყველაფერი არის რეალური კონკრეტული შედეგი, ამ ძალიან ძლიერი საზოგადოებრივი პროტესტის, იმიტომ რომ ნებისმიერი დიქტატურა ასეთი პროტესტის წინაშე არის უძლური, მას აქვს მხოლოდ ერთადერთი შესაძლებლობა, ეს არის პასუხი ძალადობრივი მეთოდებით და როცა შენ ხარ მშვიდობიანი, თვითონ ვეღარ გამოაჩენს თავს, როგორც მშვიდობიან ძალას, რისი პრეტენზიაც აქვს და უნდა, რომ შენ შეგცვალოს, შენ გადაგიყვანოს სხვა ქმედებაზე, ეს არ მომხდარა გუშინ, იდგა ხალხი, ძალიან მშვიდად ბოლომდე რუსთაველზე, კი ეცადა კობახიძემ, თქვენ ხართო ყველა ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებელი, სისულელეა ყველა ძალიან მშვიდად იდგა და ამის უამრავი კადრი არსებობს და მე ასეთი შეგნებული ხალხი, არ მინახავს და ძალიან ამაყი ვარ ამით.

დღეს, რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რადგან ეს დაინახა რეჟიმმა, დღეს, როგორც არასოდეს, რეჟიმს უნდა რომ მოსპოს რუსთაველის პროტესტი. ამიტომ გამოაცხადა შსს-მ, რომ დღეს არ დავუშვებთ, ეს არის გაგრძელება ძალადობრივი ქმედებების. ეს არის ტყუილი, ეს ყველამ კარგად ვიცით და ეს ჩვენ ვერ შეგვცვლის და შეგვაშინებს. ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს, აუცილებელია, რომ გავიდეთ რუსთაველზე და გავიდეთ ყველანი ერთად, დავდგეთ რუსთაველზე, იმიტომ რომ რუსთაველი დღეს არის დასაცავი.

პროტესტი, რომელიც გრძელდებოდა 300 დღეზე მეტი და სადაც ჩვენ ვიცავდით ევროპულ მომავალს და კონსტიტუციის სწორედ იმ მუხლს, რომელიც ამ ევროპულ მომავალს ასახავს, ჩვენ არ გადავალთ არცერთ არაკონსტიტუციურ ქმედებაზე, ჩვენ ვერ მოგვატყუებენ და ვერ გადაგვიყვანენ სხვა რეჟიმში. ჩვენ ვართ მშვიდობიანი პროტესტი ამ ქვეყნის ისტორიაში, რომელიც დარჩება და ჩვენ დღეს უნდა დავიცვათ რუსთაველი.

რუსთაველი არის გარანტია იმის, რომ რეჟიმი ბოლოს ჩამოიშლება, რუსთაველი არის გარანტია იმის, რომ გარედან ამ რეჟიმის იზოლაცია გაგრძელდება, რუსთაველი არის გარანტია იმის, რომ ჩვენ ერთმანეთის გვჯერა და ერთმანეთთან ვართ სოლიდარულები და რუსთაველი არის იმის გარანტია, რომ ხვალინდელი მომავალი არის ჩვენი და არ დავთმობთ და დადგება დღე არჩევნების, ნამდვილი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების, სადაც მართლაც გავაკეთებთ ჩვენ არჩევანს. დღეს არის დაცვის დღე და მე ყველას მოგიწოდებთ, რომ ამ საღამოს ერთად ვიდგეთ და გავაგრძელოთ რამდენიც საჭირო იქნება და ბოლომდე ეს მშვიდობიანი პროტესტი.

თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 

კომენტარები