4 ოქტომბრის აქცია

აქციაზე ზიანი მიადგა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფასადებს, ჟალუზებს და ა.შ. – მერია

ტაბულა

თბილისის მერიის განცხადებით, 4 ოქტომბრის აქციაზე ზიანი მიადგა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფასადებს, ჟალუზებისა და დეკორატიული მხატვრული მინათებების ნაწილს.

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გუშინდელი საპროტესტო აქციების შედეგად, მუნიციპალური ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ.

სამწუხაროდ, ზიანი მიადგა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფასადებს, ჟალუზებისა და დეკორატიული მხატვრული მინათებების ნაწილს.

ორბელიანისა და თაბუკაშვილის ქუჩებსა და რუსთაველის გამზირზე დაზიანებულია საფეხმავლო ტროტუარები, ქვაფენილი, გარე განათების ბოძის სანათები, სადენები. ორბელიანის ქუჩაზე ჩაწყვეტილია და ჩატეხილია დეკორატიული განათებები, თაბუკაშვილის ქუჩაზე კი დამწვარია ნაგავშემკრები კონტეინერები. დაზიანებულია გარე ავეჯი, რომელიც კერძო კომპანიებს, კაფეების მფლობელებს ნაქირავებ ტერიტორიაზე ჰქონდათ განთავსებული.

როგორც იცით, დამტვრეულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოს ღობე, ხოლო მოპირდაპირე მხარეს განთავსებული ბოძკინტები დაზიანებული, დაღუნულია ბოლარდები, რომლებიც საფეხმავლო ზონას ავტომანქანების ზონისგან იცავენ. სხვადასხვა ინფრასტრუქტურა - საქანელები, მცენარეები, ქოთნები, გამწვანებული თარგები და დეკორატიული ელემენტები, რომლებიც რეაბილიტირებულ ქუჩაზე და კაფეების მიმდებარედ იყო, დიდწილად დაზიანებულია. აქედან ნაწილი აღდგენას ექვემდებარება, ნაწილი კი სრულად განადგურდა.

ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე დამტვრეულია საგზაო ნიშნები, შლაგბაუმი, რომელიც მიწისქვეშა პარკინგთან იყო დამონტაჟებული, მაჩვენებლის დაფა, დეკორატიული სცენა, რომელიც პარკინგის თავზე ორბელიანის ქუჩის მხარეს იყო მოწყობილი.

რაც შეეხება "კონკას", რომელიც გამორჩეულად უყვართ თბილისელებს და ქალაქის ვიზიტორებს, მას დაზიანებული აქვს რამდენიმე დეკორატიული ელემენტი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "თბილსერვის ჯგუფმა" მუშაობა დაიწყო მყისიერად, როგორც კი ადგილზე შესვლის შესაძლებლობა მიეცა. შედეგად, გატანილია დამწვარი და დაზიანებული მასალა, ტერიტორია მოირეცხა და მოწესრიგდა. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყების თანამშრომლები მუშაობენ ადგილზე, რომ ყველაფერი აღდგეს და პირვანდელი სახე დაიბრუნოს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, შსს-ს ცნობით, 4 ოქტომბრის აქციის შემდეგ დაკავებულია 5 პირი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.

"მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - თქვა ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

ამასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდ-ის (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი) ყოფილი უფროსი, რუსლან შამახია დააკავეს - ინფორმაცია ბრიფინგზე დაადასტურა ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ."გიდასტურებთ მის დაკავების ფაქტს, გამოძიება მიმდინარეობს 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს" - თქვა დარახველიძემ.

დამატებითი განმარტებები უწყებაში არ გაუკეთებიათ, უკავშირდება თუ არა შამახიას დაკავება 4 ოქტომბრის აქციას.

ივანიშვილის შს მინისტრის, გეკა გელაძის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე, ხოლო ყველა პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ ისინი "შესაბამის სამართლებრივ პროცესებში მიეცემიან".

გელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მშვიდობიანი დამხობა ვერ შედგა, მაგრამ "შედგა მშვიდობიანი დაშლა".

კომენტარები