ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბრის აქციის შესახებ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს "იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს სახელმწიფოს წინააღმდეგ და სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ".
"როგორც მოგეხსენებათ, უკვე დაპატიმრებულია რამდენიმე ადამიანი, პირველ რიგში, დამხობის მცდელობის ორგანიზატორები და ასევე, ყველას მინდა შევახსენო, რომ დაუსჯელი ვერავინ დარჩება.
ჩვენ გვაქვს მოძალადეების იდენტიფიცირების იმაზე მეტი რესურსი, ვიდრე ეს იყო შარშან, შარშანწინ, შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს სახელმწიფოს წინააღმდეგ და სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ.
კანონი მათ მიმართ იმოქმედეს ძალიან მკაცრად. საბოლოოდ, გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება". - თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, შსს-ს ცნობით, 4 ოქტომბრის აქციის შემდეგ დაკავებულია 5 პირი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
"მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - თქვა ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.
ამასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდ-ის (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი) ყოფილი უფროსი, რუსლან შამახია დააკავეს - ინფორმაცია ბრიფინგზე დაადასტურა ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ."გიდასტურებთ მის დაკავების ფაქტს, გამოძიება მიმდინარეობს 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს" - თქვა დარახველიძემ.
დამატებითი განმარტებები უწყებაში არ გაუკეთებიათ, უკავშირდება თუ არა შამახიას დაკავება 4 ოქტომბრის აქციას.





