ამოუცნობი დრონები ევროპაში

DW: ბელგიის ბირთვული ელექტროსადგურის თავზე სამი ამოუცნობი დრონი შენიშნეს

გამოცემა Deutsche Welle-ს ცნობით, ბელგიის ჩრდილოეთში, ქალაქ დულის ბირთვული ელექტროსადგურის თავზე, სამი ამოუცნობი დრონი შენიშნეს.

ადგილობრივი ენერგოკომპანიის, Engie-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ დრონების გამოჩენას ანტვერპენთან ახლოს მდებარე ელექტროსადგურის მუშაობის პროცესზე გავლენა არ ჰქონია. 

მანამდე, 2 ნოემბერს, ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა განაცხადა, რომ ბელგიის პოლიცია კლაინე-ბროგელის ავიაბაზის თავზე შემჩნეული ახალი ამოუცნობი დრონის საქმეს იძიებდა. ზოგადად, ბოლო დროს ქვეყანაში სამხედრო ობიექტებთან სხვა დრონებიც შენიშნეს. 

"ეს არ იყო ჩვეულებრივი გადაფრენა, არამედ პირდაპირი ბრძანება, რომლის სამიზნეც კლაინე-ბროგელის ავიაბაზა იყო." - თქვა ფრანკენმა.

ცნობისთვის, 9 ნოემბერს გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელმა, რიჩარდ ნაიტონმა BBC-სთან საუბრისას თქვა, რომ ბრიტანეთი ბელგიას მისი საჰაერო სივრცის დამრღვევი დრონების მოსაგერიებლად სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელმა გამოცემას განუცხადა, რომ მისმა ბელგიელმა კოლეგამ დრონებთან გასამკლავებლად დახმარება სთხოვა, რისთვისაც აღჭურვილობასა და სპეციალისტებს გაუგზავნიან. 

ნაიტონმა თქვა, რომ გაერთიანებული სამეფო NATO-ს მოკავშირეებთან ერთად ბელგიას "აღჭურვილობისა და შესაძლებლობის მიწოდებით" დაეხმარება. 

როგორც ნაიტონმა აღნიშნა, ჯერჯერობით უცნობია, ბელგიის საჰაერო სივრცე რუსეთმა დაარღვია თუ არა, თუმცა "სარწმუნოა", რომ ამ შემთხვევების უკან მოსკოვი იდგეს. 

კომენტარები