პაპუა-ახალი გვინეის პრემიერმინისტრმა, ჯეიმს მარაპემ 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისმა კაბინეტმა ავსტრალიასთან თავდაცვითი ხელშეკრულების გაფორმებას მხარი დაუჭირა.
თავდაცვითი ხელშეკრულების თანახმად, ავსტრალია და პაპუა ახალი გვინეა ვალდებულნი არიან, თუ ერთ-ერთს თავს დაესხმებიან, ერთმანეთს დაეხმარონ.
"აქამდე ავსტრალიას მსგავსი ტიპის მხოლოდ ერთი თავდაცვითი ხელშეკრულება ჰქონდა და ჩვენი თხოვნით, პაპუა-ახალი გვინეა ამ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. ყოველივე ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობის, საერთო ისტორიისა და საერთო მომავლის სიღრმეს ასახავს" - განაცხადა მარაპემ.
პაპუა-ახალი გვინეის პრემიერის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ხელშეკრულება, ორმაგი შეთანხმების საფუძველზე, 10 000-მდე პაპუა-ახალ გვინეელს ავსტრალიის თავდაცვის ძალებში მსახურების საშუალებას მისცემს.
ხელშეკრულებას ორივე ქვეყნის პარლამენტების რატიფიკაცია სჭირდება.
ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, ენტონი ალბანეზიმ პაპუა-ახალი გვინეის მიერ ხელშეკრულების დამტკიცება პოზიტიურად შეაფასა.
"ჩვენი ქვეყნები უახლოესი მეზობლები და მეგობრები არიან და ეს ხელშეკრულება ჩვენს ურთიერთობებს ოფიციალურ ალიანსამდე აიყვანს" - განაცხადა ალბანეზიმ.





