პროკურატურამ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე ნაციონალური მოძრაობის წევრს, ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა და სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, სოციალურ ქსელ „facebook”-ში გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომლითაც საქვეყნოდ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება გააკეთა და 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, განსახორციელებელ კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებზე ისაუბრა.
ასევე, ბრალდებულმა 1 ოქტომბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე მისი დაკავებისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია" - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, კუპრავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 317-ე მუხლით (სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ზვიად კუპრავა დააკავეს, მას ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან
- რუსული ბანდა პოლიტიკური ნიშნით რეპრესიებს აგრძელებს - ენმ კუპრავას დაკავებაზე
ენმ-ის თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს. სუს-ის განცხადებით, საქმე 30 სექტემბერს ვიდეომიმართვას ეხება. კუპრავას ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდებას და დაკავებისას სუს-ის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
ზვიად კუპრავამ 30 სექტემბერს თქვა, რომ "ჩვენი ტაქტიკური ამოცანაა 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია".
"ასიათასობით ადამიანმა გადაწყვიტა, 4 ოქტომბერს დაამხოს ივანიშვილი, მათ შორის მეც. ჩვენი ტაქტიკური ამოცანა არის, 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია.
როგორ ვახერხებთ ამას – 4 ოქტომბერს თბილისის მასშტაბით გახსნილი იქნება 500 სპეცოპერაციის პუნქტი, მათ შორის საქართველოს მასშტაბით 3 000-ზე მეტი. ივანიშვილმა იცის, რომ 500 პუნქტი არის ყველაზე დაუცველი, რომელსაც ის დღის განმავლობაში, პრაქტიკულად, ვერ გააკონტროლებს.
დილიდან, როგორც ჯგუფებად, ასევე ინდივიდუალურად ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ სპეცოპერაციის პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მივიღებთ დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა.
ვიღაც ალბათ იფიქრებს დაგიჭერენო, ვერ დამიჭერენ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს რესურსი დღეს, მე დამიჭიროს ან ვინმე დაიჭიროს და მეორე - თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვილი დაიჭერს საკრებულოს წევრს, საკრებულოს არჩევნებზე, მისი სტრატეგიული ამოცანა, მშვიდად ჩაატაროს რუსული სპეცოპერაცია, ვერ იქნება მიღწეული. შესაბამისად, ის მაინც დაემხობა.
არის კიდევ მესამე გზა, თუ 4 ოქტომბრამდე მიხეილ სააკაშვილი და პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი, მე, როგორც ერთი ადამიანი, იმ წუთიდან დავჯდები სახლში და 5 ოქტომბრამდე არ გამოვალ სახლიდან. ეს არის კომპრომისი, გნებავთ, ვაჭრობა დაარქვით, ბატონო ივანიშვილო, თქვენი საყვარელი საქმიანობა, გნებავთ, მუქარად მიიღეთ, თუ პოლიტპატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებული, თქვენ 4 ოქტომბერს დაემხობით" - თქვა კუპრავამ გავრცელებულ ვიდეოში.





