ნაციონალური მოძრაობა მათი წევრის, ზვიად კუპრავას დაკავებას გამოეხმაურა. პარტიის განცხადებით, ეს ფაქტი ქართული ოცნების მიერ პოლიტიკური ნიშნით რეპრესიების გაგრძელებაა.
"მოღალატე კრიმინალთა რუსული ბანდა პოლიტიკური ნიშნით რეპრესიებს აგრძელებს. ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ყველა წითელი ხაზი წაშლილია. ისინი მოსვლის დღიდანვე არ აღიარებენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ზღუდავენ კონსტიტუციურ უფლებებს და ჩვენს მოქალაქეებს პოლიტიკური განცხადებების გამო ციხეში უშვებენ.
ივანიშვილის ბანდას შიში 4 ოქტომბრის მოახლოებამ კიდევ უფრო გაუმძაფრა, ამიტომ მნიშვნელოვანია, დარჩენილ დღეებში არ ავყვეთ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პროვოკაციებს. ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ ბოლო სულ მალე მოეღება, ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდება და დავუბრუნდებით ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული, ღირსეული საქართველოს მშენებლობას". - წერია პარტიის განცხადებაში.
ენმ-ის თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს. სუს-ის განცხადებით, საქმე 30 სექტემბერს ვიდეომიმართვას ეხება. კუპრავას ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდებას და დაკავებისას სუს-ის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
ზვიად კუპრავამ 30 სექტემბერს თქვა, რომ "ჩვენი ტაქტიკური ამოცანაა 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია".
"ასიათასობით ადამიანმა გადაწყვიტა, 4 ოქტომბერს დაამხოს ივანიშვილი, მათ შორის მეც. ჩვენი ტაქტიკური ამოცანა არის, 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია.
როგორ ვახერხებთ ამას – 4 ოქტომბერს თბილისის მასშტაბით გახსნილი იქნება 500 სპეცოპერაციის პუნქტი, მათ შორის საქართველოს მასშტაბით 3 000-ზე მეტი. ივანიშვილმა იცის, რომ 500 პუნქტი არის ყველაზე დაუცველი, რომელსაც ის დღის განმავლობაში, პრაქტიკულად, ვერ გააკონტროლებს.
დილიდან, როგორც ჯგუფებად, ასევე ინდივიდუალურად ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ სპეცოპერაციის პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მივიღებთ დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა.
ვიღაც ალბათ იფიქრებს დაგიჭერენო, ვერ დამიჭერენ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს რესურსი დღეს, მე დამიჭიროს ან ვინმე დაიჭიროს და მეორე - თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვილი დაიჭერს საკრებულოს წევრს, საკრებულოს არჩევნებზე, მისი სტრატეგიული ამოცანა, მშვიდად ჩაატაროს რუსული სპეცოპერაცია, ვერ იქნება მიღწეული. შესაბამისად, ის მაინც დაემხობა.
არის კიდევ მესამე გზა, თუ 4 ოქტომბრამდე მიხეილ სააკაშვილი და პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი, მე, როგორც ერთი ადამიანი, იმ წუთიდან დავჯდები სახლში და 5 ოქტომბრამდე არ გამოვალ სახლიდან. ეს არის კომპრომისი, გნებავთ, ვაჭრობა დაარქვით, ბატონო ივანიშვილო, თქვენი საყვარელი საქმიანობა, გნებავთ, მუქარად მიიღეთ, თუ პოლიტპატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებული, თქვენ 4 ოქტომბერს დაემხობით" - თქვა კუპრავამ გავრცელებულ ვიდეოში.





