რუსული რეჟიმი

ზვიად კუპრავა დააკავეს, მას ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქმე 30 სექტემბერის ვიდეომიმართვას ეხება. კუპრავას ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდებას და დაკავებისას სუს-ის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. სსკ-ს 317-ე მუხლი (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ) 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 353-ე მუხლი (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) ჯარიმას, შინაპატიმრობას ანდა ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

"ზვიად კუპრავამ მოქალაქეებს მოუწოდა 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ. აღნიშნული მოწოდების დანაშაულებრივი ბუნების შესანიღბად და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, მან არჩევნები რუსულ სპეცოპერაციად, საარჩევნო უბნები სპეცოპერაციის პუნქტებად, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლება ივანიშვილად მოიხსენია, რაც ბუნებრივია, ვერ გამორიცხავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულებრიობას.

ასევე, კუპრავამ დაკავებისას ჩვენს წარმომადგენლებს გაუწია წინააღმდეგობა, შესაბამისად, ზვიად კუპრავამ ჩაიდინა სსკ-ს 317-ე, 353-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნო მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს.

საგულისხმოა, რომ მან ვიდეომიმართვაში დანაშაულის ჩადენის მოტივიც დაასახელა - ულტიმატუმი წაუყენა სახელმწიფო ხელისუფლებას, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდეს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ პოლიტპატიმრებად მოხსენიებული სხვა მსჯავრდებულები თუ ბრალდებულები. აღნიშვნას საჭიროებს ის ფაქტიც, რომ გარდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა, ბრალდებული აანონსებდა სხვა დანაშაულის ჩადენასაც, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ს 162-ე მუხლით - რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყურადღებით შეისწავლის ყველა მსგავს განცხადებას თუ დანაშაულებრივი მიზნით განხორციელებულ ქმედებას მათი სამართლებრივი შეფასებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით" - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ.

ზვიად კუპრავამ 30 სექტემბერს თქვა, რომ "ჩვენი ტაქტიკური ამოცანაა 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია". 

"ასიათასობით ადამიანმა გადაწყვიტა, 4 ოქტომბერს დაამხოს ივანიშვილი, მათ შორის მეც. ჩვენი ტაქტიკური ამოცანა არის, 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია.

როგორ ვახერხებთ ამას – 4 ოქტომბერს თბილისის მასშტაბით გახსნილი იქნება 500 სპეცოპერაციის პუნქტი, მათ შორის საქართველოს მასშტაბით 3 000-ზე მეტი. ივანიშვილმა იცის, რომ 500 პუნქტი არის ყველაზე დაუცველი, რომელსაც ის დღის განმავლობაში, პრაქტიკულად, ვერ გააკონტროლებს.

დილიდან, როგორც ჯგუფებად, ასევე ინდივიდუალურად ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ სპეცოპერაციის პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მივიღებთ დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა.

ვიღაც ალბათ იფიქრებს დაგიჭერენო, ვერ დამიჭერენ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს რესურსი დღეს, მე დამიჭიროს ან ვინმე დაიჭიროს და მეორე - თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვილი დაიჭერს საკრებულოს წევრს, საკრებულოს არჩევნებზე,  მისი სტრატეგიული ამოცანა, მშვიდად ჩაატაროს რუსული სპეცოპერაცია, ვერ იქნება მიღწეული. შესაბამისად, ის მაინც დაემხობა.

არის კიდევ მესამე გზა, თუ 4 ოქტომბრამდე მიხეილ სააკაშვილი და პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი, მე, როგორც ერთი ადამიანი, იმ წუთიდან დავჯდები სახლში და 5 ოქტომბრამდე არ გამოვალ სახლიდან. ეს არის კომპრომისი, გნებავთ, ვაჭრობა დაარქვით, ბატონო ივანიშვილო, თქვენი საყვარელი საქმიანობა, გნებავთ, მუქარად მიიღეთ, თუ პოლიტპატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებული, თქვენ 4 ოქტომბერს დაემხობით" - თქვა კუპრავამ.

კომენტარები