გასული 13 წლის განმავლობაში ქართული ოცნების მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ გუნდმა ისწავლა მოვლენებისა და ფაქტების სწორად შეფასების უნარი. ამასთანავე, უდიდესი მონაპოვარია ისიც, რომ საზოგადოება ჩვენთან ერთად გაიზარდა და თავადაც შესანიშნავად ახერხებს სწორი ანალიზის გაკეთებას, რათა ყველაფერს ერქვას თავისი სახელი.
ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად წარმატებით გავანეიტრალეთ წინა ხელისუფლების მიერ, გარე პატრონებისგან ათვისებული მთავარი იარაღი – თეთრი შავად წარმოეჩინათ, შენება ნგრევად, ხოლო სიკეთე – ბოროტებად. საზოგადოებასთან ერთად, წარმატებით გავანეიტრალეთ თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომელიც დამნაშავე რეჟიმს დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენდა, ხოლო, ჭეშმარიტად დემოკრატიულ ხელისუფლებას დიქტატურას უწოდებს.
დღეს ჩვენ აღარ გვეშლება ხარისხობრივი შეფასება იმისა, თუ ვინ მეგობარია და ვინ – მტერი. კარგად გავაანალიზეთ, რომ არცერთი უცხო ძალა ჩვენს დასახმარებლად არ იღწვის, ყველას საკუთარი ინტერესები და სურვილები ამოძრავებს.
ცხადია, არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტების და საქართველოს გამოყენების ხარჯზე. მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ პარტნიორობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი.





