ირაკლი ზარქუას დის, ნინო ზაქრუას განცხადებით, მისმა ქმარმა ალექსანდრე ამისულაშვილმა შპს ლაგი კაპიტალის წილი "2 ან 3 წლის წინ" გაყიდა. პარტია ახალის წევრმა ბესო დონაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს ალექსანდრე ამისულაშვილმა კომპანიაში თავისი წილი უსასყიდლოდ გადასცა საკუთრებაში ია რამიშვილს.
30 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს ლაგი კაპიტალთან დაკავშირებული 2 პირი დააკავა, რომლებმაც 2023 წელს ბაღებისა და სკოლების სარეაბილიტაციო/სამშენებლო ტენდერებით, სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი მიითვისეს.
ნინო ზარქუას მტკიცებით, მის ქმარს ალექსანდრე ამისულაშვილს აღნიშნულ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს და "სახეზე არც კი იცის ეს პიროვნებები". ზარქუა ამბობს, რომ იგივე წერია დაკავებულების ჩვენებებშიც.
"ჩემს მეუღლეს და მით უმეტეს, ირაკლი ზარქუას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტენდერებთან! ეს კომპანია, ლაგი კაპიტალი არის გასხვისებული (გაყიდული) 2 ან 3 წლის, წინ ზუსტად არც მახსოვს. შემდგომ, ახალმა მფლობელებმა რაც ჩაიდინეს არანაირ კავშირში არაა ალექსანდრე ამისულაშვილთან! მეტსაც გეტყვით, საერთოდ სახეზეც კი არ იცის ეს პიროვნებები! გამოძიება დაადგენს ყველას დანაშაულს და შესაბამისი პასუხიც გაეცემათ იმისთვის რაც ჩაიდინეს, თუმცა ვაი ჟურნალისტებს მოუწევთ ბოდიშის მოხდა ჩემი ოჯახისთვის, რომლებიც სიცრუეს ავრცელებენ და მაყურებელი შეყავთ შეცდომაში!
p.s ხოლო სკეპტიკოსებს შეგიძლიათ ჩვენებებიც ნახოთ დაკავებულების და კიდევ უფრო მიხვდებით, რომ ჩემი ოჯახი ამ თემასთან საერთოდ არ არის კავშირში!". - წერს ნინო ზარქუა.
ბესო დონაძის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს შპს ლაგი კაპიტალის 50%-იანი წილის მფლობელმა ალექსანდრე ამისულაშვილმა, 25-25%-იანი წილების მფლობელებმა ლაშა გრიგალავამ და გიორგი ლომიტაშვილმა საკუთარი წილები "სრულიად უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით" გადასცეს ია რამიშვილს. აღნიშნული ასევე დაინიშნა კომპანიის დირექტორად.
დოკუმენტს თან ახლავს ოთხივე პირის ხელმოწერა, მათ შორის, ალექსანდრე ამისულაშვილის.
"ქალბატონო ნინი, ნუ გვატყუებთ, კომპანია არ გაგიყიდიათ, აჩუქეთ ია რამიშვილს. როგორ იპოვეთ ია რამიშვილი? საჯაროდ გამოაცხადეთ გავაჩუქებთ კომპანიასო? მტკიცებულება თან ერთვის.
პ.ს. "სახეზეც არ იცის" დოკუმენტებში არ არის მინდობილობები რაც იმას ნიშნავს რომ გადაფორმების დროს ყველა ადგილზე იყო" - წერს ბესო დონაძე.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, 2024 წლიდან ია რამიშვილი შპს ლაგი კაპიტალის წილს აღარ ფლობს, არც მისი დირექტორია. 2025 წელს კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ივანე გახელაძეა, ხოლო დირექტორი ბესიკ ბერძენიშვილი.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი პირი - ა.ბ და ბ.ბ. დააკავეს.
გარდა ამისა, უწყებამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება დანაშაულში შესაძლო მონაწილე ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეების მხილების მიზნით.





