157 906 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფოთის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ისარგებლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და 2019-2024 წლებში როგორც საკუთარ, ასევე ახლობლის საბანკო ანგარიშებზე თანამდებობრივი სარგოს, მივლინებისა და სხვა დანიშნულებებით, ზედმეტად ჩარიცხა და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 157 906 ლარი, რის შედეგადაც ფოთის მერიას დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა". - წერს პროკურატურა.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება თავად პროკურატურამ მოითხოვა.





