უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის განცხადებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ ამით ორბანმა დრონების მიერ უკრაინის საჰაერო სივრცის დარღვევა აღიარა.
ცნობისთვის, ორბანმა განაცხადა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, შეფრინდა თუ არა უნგრული დრონები უკრაინაში, რადგან უკრაინა სუვერენული სახელმწიფო არ არის და უნგრული დრონების მიერ მათი საზღვრის დარღვევა პრობლემა არ უნდა იყოს.
სიბიჰამ ასევე დაწერა, რომ ორბანის შეხედულებებს სახელმწიფო სუვერენიტეტზე "სიამოვნებით მოისმენენ", "როდესაც რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდება".
"კარგი ამბავი ის არის, რომ პრემიერმინისტრმა ორბანმა უნგრეთიდან უკრაინის საჰერო სივრცეში რამდენიმე დრონის შეჭრა აღიარა. სიიარტო, როგორ მიდის შენი ტვინი "ფეიკზე"? [...]
თუმცა, ცუდი ამბავი ისაა, რომ პრემიერმინისტრი რუსული პროპაგანდით კვლავ მოწამლულია.
სიხარულით მოვისმენთ მის შეხედულებებს სახელმწიფო სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე, როდესაც რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდება, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ევროპელმა პარტნიორებმა რამდენჯერმე მოითხოვეს". - წერს სიბიჰა.
ცნობისთვის, 26 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ სავარაუდოდ უნგრულმა სადაზვერვო დრონებმა უნგრეთის საზღვართან უკრაინის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.
მოგვიანებით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო ზელენსკის გამოეხმაურა და ირწმუნებოდა, რომ ზელენსკიმ "ანტინუგრული განწყობების გამო შეშლა დაიწყო" და მას "მოჩვენებები ელანდება".
27 სექტემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნგრული დრონების მიერ უკრაინის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ მტკიცებულებები შეაგროვა და "ბრმა უნგრელი ჩინოვნიკებისთვის" დრონის მარშრუტის გამოსახულება გამოაქვეყნა.




