თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
პროკურატურა ითხოვდა, რომ საქმეში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას ქმედება სამართლებრივად შეფასებულიყო და გადაკვალიფიცირებულიყო როგორც დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვად და არა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა.
პროკურორმა გიორგი მუჯირმა თქვა, რომ ბრალდების მხარე თემურ ჯანაშიასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები კი საქმეზე მისთვის შეფარდებული 9-წლიანი პატიმრობის გაუქმებას ითხოვდნენ, რაც სააპელაციო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, 12 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მან საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 3 წლის ვადით ჩამოართვა სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას კი - 300 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და მასაც 3 წლის ვადით ჩამოართვა სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება.
ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროკურატურა მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავებოდა.





