ე.წ. პიჯაკების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს სარჩელი დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ, ჯამურად, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა მიიღო.
პროცესის დასრულების შემდეგ, კომენტარი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გააკეთა.
"პრეზიდენტობის დროს მიხეილ სააკაშვილმა პიჯაკები რომ შეიძინა, ეს ფული აგვინაზღაურეთო. მაგალითად, სააკაშვილი დონალდ ტრამპს რომ გაუმასპინძლდა აქ სტუმრობის დროს, ეგ თანხა აგვინაზღაურეთო. მაგალითად, ვაცლავ ჰაველის საფლავზე რომ თაიგული მიიტანეს, ამის ფული აგვინაზღაურეთ საკუთარი ჯიბიდანო [...] მასზე ფინანსური დევნაც დაიწყეს [...] უნდათ, რომ მიხეილ სააკაშვილი მოვალეთა რეესტრში ჩასვან [...]
ფინანსთა სამინისტროს სარჩელს ბევრი წინაპირობა ჰქონდა, რის გამოც არ უნდა განხილულიყო - არასათანადო მოსარჩელე, ხანდაზმულობა". - თქვა ბასილაიამ ფორმულასთან საუბარში.
ცნობისთვის, 12 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მან საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 3 წლის ვადით ჩამოართვა სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას კი - 300 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და მასაც 3 წლის ვადით ჩამოართვა სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება.
ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროკურატურა მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავებოდა.





