სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თემურ ჯანაშია ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ჯანაშია ამბობს, რომ ამ საქმეში მას დანაშაული არ მიუძღვის.
"ჩვენ დაველოდებით, საბოლოოდ, წერილობით რას გვეტყვის სასამართლო და ამის შემდეგ, ბრძოლას გავაგრძელებთ, იმიტომ, რომ ამ საქმეში ჩემი დანაშაული აბსოლუტურად არ იკვეთება. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს სააპელაციო სასამართლოში დავამტკიცოთ [...] დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, სიმართლე გაიმარჯვებს და სასამართლო დაადგენს, რომ ჩემს მოქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ იყო". - თქვა ჯანაშიამ TV პირველის ეთერში.
დღეს, 12 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. პიჯაკების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლემ თემურ ჯანაშიას ქმედება გაფლანგვის ნაცვლად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად შეაფასა და მას 300 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. აგრეთვე, სასამართლოს გადაწყვეყილებით, ჯანაშიას 3 წლის ვადით სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
საქმეზე პროკურატურა მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავებოდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კი მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 3 წლის ვადით ჩამოართვა სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება.





