ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით მისი პარტიის გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ მოლდოვამ საკუთარი არჩევანი ნათლად გამოხატა და ევროპის კარი მათთვის ღიაა.
ამასთან, ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ მოლდოვისთვის მათი "კარი ღიაა და ამ გზის ყოველ ნაბიჯზე" მხარს დაუჭერენ.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე წერს.
"მოლდოვა, თქვენ ეს კიდევ ერთხელ გააკეთეთ. თქვენი სიმტკიცე შიშისა და შუღლის დათესვის ვერცერთმა მცდელობამ ვერ გატეხა. თქვენი არჩევანი ნათლად გამოხატეთ: ევროპა. დემოკრატია. თავისუფლება. ჩვენი კარი ღიაა და ამ გზის ყოველ ნაბიჯზე თქვენ გვერდით ვიდგებით. მომავალი თქვენია". - წერს ფონ დერ ლაიენი.
უახლესი ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპული პარტია, "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია" (PAS) ხმების 50.16%-ით ლიდერობს და პარლამენტში უმრავლესობის შენარჩუნებას შეძლებს. ამჟამად ხმების 99.91% არის დათვლილი.
ამასთან, პრორუსული "პატრიოტული ბლოკს" (BEC) ხმების 24.19%-ს აქვს, მესამე ადგილს კი ხმების 7.97%-ით ალექსანდრ სტოიანოგლოს პარტია "ალტერნატივა" იკავებს. მას მოჰყვება "ჩვენი პარტია," ხმების 6.20%-ით. ხოლო მეხუთე ადგილს მოლდოვის დემოკრატიული პარტია (PPDA), რომელსაც ხმების 5.62% აქვს.
მოლდოვის საზღვრებს შიგნით საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიხურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 28 სექტემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 52.11% იყო - რაც ნიშნავს, რომ არჩევნებზე ხმა ჯამში 1 604 316 ადამიანმა მისცა.
ბოლო ოთხ საპარლამენტო არჩევნებიდან ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, ხმის მიცემა გრძელდება უცხოეთში დიასპორისთვის გახსნილ საარჩევნო უბნებზე.
ამავდროულად, პრორუსულმა "პატრიოტულმა საარჩევნო ბლოკმა (BEC)," რომელიც, მათ შორის, მემარცხენე სოციალისტებისა და კომუნისტებისგან შედგება, ხვალ, მოლდოვის პარლამენტის წინ, ამომრჩევლებს საპროტესტო აქციის გამართვისკენ მოუწოდა.
საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ დაარსებული მმართველი "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის (PAS)" მთავარ მეტოქედ სწორედ პრორუსული BEC ითვლებოდა.
უბნების დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, ბელგიაში, იტალიაში, რუმინეთში, ესპანეთსა და აშშ-ში, მოლდოვის დიასპორისთვის განკუთვნილ საარჩევნო უბნებზე, ბომბის შესახებ შეტყობინებები შევიდა, რაც, ოფიციალური პირების თქმით, წარმოადგენს "რუსეთის ფედერაციის თავდასხმას მოლდოვის რესპუბლიკაში საარჩევნო პროცესზე."
მოლდოვური IPN-ის დირექტორის, დენის დერმენჯის ინფორმაციით, ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინება ჟენევაში, რომში (ორ უბანზე), ბუქარესტში (ორ უბანზე, აშშ-ს ქალაქ ეშვილში, ალიკანტესა და ბრიუსელში გახსნილ საარჩევნო უბნებზე შევიდა.
ამასთანავე, მოლდოვაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცნობები გაავრცელეს ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობების შესახებ.
ქვეყნის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ აღკვეთეს კიბერთავდასხმის მცდელობები, რომელთა სამიზნეც მოლდოვის საარჩევნო ინფრასტრუქტურა იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, კიბერთავდასხმების სამიზნე მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდი, მთავრობის ქლაუდ სერვის სისტემები, პროცესის ავტომატიზაციის სისტემები და უცხოეთში რამდენიმე საარჩევნო უბანი იყო.





