ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

ლეთოდიანი: სახლი, სადაც აღსრულების ბიურო აღწერაზე შემოვიდა, ბაბუას და ბებიას ეკუთვნის

პარტია დროას წევრის, ნათია ლეთოდიანის თქმით, სახლი, რომელშიც აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები შევიდნენ, მის ბებიას და ბაბუას ეკუთვნის.

ტაბულასთან საუბრისას ლეთოდიანი ამბობს, რომ ბიუროს წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ სახლში არსებული ნივთების აღსაწერად ორშაბათს, 29 ოქტომბერს კიდევ მივლენ.

"არ არის სახლი ჩემი, ბაბუაჩემის და ბებიაჩემის სახლია, მათზეა გაფორმებული. მე რომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ ვიხდიდი ჯარიმებს, ყველაფერი რაც იყო ჩემს სახელზე გადავაფორმე სხვებზე, ეს სახლი არც ყოფილა ჩემს სახელზე. ანგარიშებიც დაყადაღებულია.

პირდაპირ ასე მითხრა აღსრულების ბიუროს წარმომადგენელმა, რომ "სადაც ცხოვრობ იმ სახლში, რადგან სარგებლობ ამ ნივთებით, სარეცხის მანქანა, ტელევიზორი... სკამი და მაგიდიდან დაწყებული, ყველაფერი ითვლება მოძრავ ნივთებში და ამიტომ, უნდა მოხდეს აღწერა. მე დღეს ვითხოვე, რომ ადვოკატთან კონსულტაცია მჭირდება, გაფრთხილებული არ ვიყავი წინასწარ და ორშაბათზე შევთანხმდით". - თქვა ლეთოდიანმა.

დროას ინფორმაციით, პარტიის წევრის, ნათია ლეთოდიანის სახლში აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 

პარტიის ცნობით, აღსრულება პროტესტში მონაწილეობისთვის გამოწერილი უკანონო ჯარიმების გადაუხდელობის გამო, ლეთოდიანის ოჯახის საცხოვრებელი სახლის აღწერას და თანხის ამოღებას აპირებს.

კომენტარები