სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი პირები: 1992 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1995 წელს დაბადებული ვ.ჩ. დააკავეს. ს.ჩ.-ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ხოლო ვ.ჩ.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობა. მათ 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში ერთ-ერთ "სკვერში" ბრალდებულებსა და 1977 წელს დაბადებულ პ.ქ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც, ს.ჩ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდისა და ფერდის არეში ჭრილობები მიაყენა პ.ქ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.ჩ. და ვ.ჩ. ბრალდებულის სახით საჩხერეში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო" - აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.





