საქართველო-აშშ

რუბიოს ორგანიზებულ ვახშამზე საქართველოს არყოფნა ნაბიჯია იზოლაციისკენ – თევზაძე

თენგო თევზაძის შეფასებით, აშშ-ში სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიერ ორგანიზებულ ტრანსატლანტიკურ ვახშამზე საქართველოს არმიწვევა ნიშნავს, რომ ივანიშვილმა და რუსეთმა საქართველო საბოლოოდ დააშორა მთავარ პარტნიორს და ნაბიჯი გადადგა იზოლაციისკენ - ამის შესახებ თევზაძემ კოალიცია ცვლილებისთვის სახელით გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"ჩვენ გუშინ ვნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში რუბიომ, საგარეო მდივანმა, გააკეთა პარტნიორებთან შეხვედრა, ვახშამი, რომელზეც მიწვეული იყვნენ, როგორც ატლანტიკური პარტნიორობის წევრები ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი სახელმწიფოები, მათ შორის, აზერბაიჯანი და სომხეთი. მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო ამ შეხვედრაზე არ იყო. 

ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა და რუსეთმა საბოლოოდ დააშორა საქართველო მთავარ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ნაბიჯი გადადგა იზოლაციისკენ. საქართველო განიხილება ირანის დაა რუსეთის რეჟიმის პარტნიორ სახელმწიფოდ. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გამოსწორდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ" - თქვა თევზაძემ.

გირჩი-მეტი თავისუფლების წარმომადგენელმა, გელა ხასაიამ თქვა, რომ კოალიცია უერთდება 27 სექტემბერს დევნილების მიერ დაგეგმილ აქციას.

"27 სექტემბერი მოგეხსენებათ არის სოხუმის დროებითი ოკუპაციის დღე ამიტომ ჩვენ ვუერთდებით ამ აქციას 27-ში ვიკრიბებით გმირთა მოედანზე 19:00 საათზე და მერე მივდივართ მარშით პროტესტის სიმბოლურ ადგილას რუსთაველზე.

არა რუსულ რეჟიმს! არა რუსულ მთავრობას!" - თქვა ხასაიამ. 

25 სექტემბერს ნიუ-იორკში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ტრანსატლანტიკურ ვახშამზე ევროპელ ლიდერებს უმასპინძლა.

ღონისძიებას ევროკავშირისა NATO-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, და ასევე სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიისა და უკრაინის საგარეო მინისტრები ესწრებოდნენ.

Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ცნობით, შეხვედრაზე საქართველო მიწვეული არ ყოფილა.

კომენტარები