ირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობას აჩერებს. განცხადება ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ქვეყნის პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
ირანმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სანქციების შერბილებაზე უარის თქმის გამო მიიღო.
"საგარეო საქმეთა სამინისტროს IAEA-სთან თანამშრომლობისა და საკითხის გადაჭრის გეგმების წარდგენის მიუხედავად, ევროპული ქვეყნების ქმედებები ფაქტობრივად შეაჩერებს სააგენტოსთან თანამშრომლობის გზებს". - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა კონსულტაციების გაგრძელება ეროვნული ინტერესების დასაცავად საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად.
გაეროს უშიშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ სანქციების შერბილებაზე უარი თქვა და შეზღუდვები განაახლა ისეთივე პირობებით, როგორც ეს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებამდე არსებობდა.





