სოხუმის დაცემა

სოხუმის დაცემის დღეს, 19:00 საათზე გმირთა მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართება

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, 19:00 საათზე გმირთა მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართება - განცხადება აფხაზთა კრების თავმჯდომარემ, მალხაზ პატარაიამ გმირთა მოედანზე გააკეთა.

"27 სექტემბერი არა სოხუმის დაცემის, არამედ დაპყრობის დღეა.

მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთს ნდობა გამოუცხადა, მშვიდობისმყოფელის სტატუსი მიანიჭა და ქართული ჯარი, რომელიც აფხაზეთს იცავდა - განაიარაღა!

ეს დღე  გვახსენებს იმას თუ რას ნიშნავს რუსეთის იმედად მშვიდობა. 
 
რუსეთის პირისპირ მარტო  დარჩენილებს, მოსკოვმა გენოციდი და ეთნიკური წმენდა მოგვიწყო. 

რუსეთის  აგრესიას ეთნო-კონფლიქტი დაერქვა, ხოლო  საოკუპაციო ჯარს სამშვიდობო ძალების სტატუსი მიენიჭა. 

32 წელიწადია ასობით ათასი ქართველი დევნილობაში ვცხოვრობთ; ხოლო გალში დარჩენილები  მკვლელობების, ძალადობისა და დამცირების პირობებში არსებობენ.

32 წელიწადია საკუთარ წარმომადგენელსაც კი ვერ ვირჩევთ. 

იგივე მოგველის მთელ ქართველ ერს თუ ამ რეჟიმს არ შევცვლით და ჩვენს ისტორიული გზას და ბუნებრივ წიაღს - დასავლურ, ევროპულ ცივილიზაციას არ დავუბრუნდებით. 

ჩვენ მიერ გაღებული მსხვერპლის ხსოვნა გვავალდებულებს შევცვალოთ რეჟიმი, რომელიც მშვიდობის სახელით, რუსულ საქმეს აკეთებს, რუსეთის პირისპირ კვლავ მარტო გვტოვებს  და ამით კიდევ უფრო გვიზრდის შემდგომი აგრესიის საფრთხეს. 

27 სექტემბერს 19 საათზე, აფხაზეთიდან დევნილები, ქართული საზოგადოება ვიკრიბებით გმირთა მოედანზე, მემორიალთან და მსვლელობით გავემართებით პარლამენტისკენ, სადაც გავიხსენებთ იმ მსხვერპლს, რომელიც საქართველომ თავისუფლებისთვის გაიღო. 

არა რუსულ რეჟიმს! აფხაზეთი საქართველოა!" - ნათქვამია დევნილთა ორგანიზაციების განცხადებაში.

კომენტარები