პარტია გახარია საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივანის, ბერდია სიჭინავას თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში და სხვა პარტიებში, სადაც 4 ოქტომბერს რეჟიმის მშვიდობიან დამხობაზე საუბრობენ, "არიან აბსურდში".
სიჭინავამ ამის შესახებ პალიტრანიუსის გადაცემა თავისუფალი სტუდიაში ისაუბრა.
"[...] როდესაც კონკრეტულ თარიღს ვსახავთ, 4 ოქტომბერს, როდესაც უნდა შედგეს ამბოხი, მე არ მინდა, რომ ადამიანები იმედგაცრუებულები იყვნენ. ამიტომ ასეთი ტიპის განცხადებები საკუთარი მოქალაქეების მიმართ უპასუხისმგებლობა მგონია, რასაც შეიძლება უზარმაზარი იმედგაცრუება მოჰყვეს, რომლის მართვაც შემდეგ ძალიან რთული იქნება [...].
ნებისმიერ რადიკალური დღის წესრიგი, დღეს დასავლეთში გაიყიდება, როგორც ოპოზიციის მარცხი, არანაირ რადიკალურ სცენარს დასავლეთი აქ არ განიხილავს. ეს პროპაგანდაა, რომელსაც ოცნება სალაფავივით აწვდის საკუთარ მოქალაქეებს. ნაცმოძრაობაში და სხვა პარტიებში, სადაც ამ რადიკალიზაციაზე, დაპირისპირებაზე და მშვიდობიან დამხობაზე საუბრობენ, არიან აბსურდში.
5 ოქტომბერს დაუძახეთ ამ ადამიანებს, 5 ოქტომბრამდეც და ჰკითხეთ, აიღებენ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რა მოხდება 4 ოქტომბერს ამ ქვეყანაში. ეს მართლა "ტემუდან" გამოწერილები, რომლებიც ბინძური წარსულით მოდიან. გახარია გვმოძღვრავსო, რომ ისმის, კი არ გმოძღვრავთ, გიორგი გახარია რჩევებს გაძლევთ იმიტომ, რომ დიდი სისულელეში ხართ გადავარდნილი და ცამეტი წელია ერთსა და იმავეს სიგიჟეს აკეთებთ და ერთი და იმავე წრეზე დაგყავთ ხალხი. ეს ხალხი უდაბნოდან უნდა გამოვიდეს და სწორ გზას უნდა დაადგეს". - თქვა სიჭინავამ.
სიჭინავამ ასევე კომენტარი გააკეთა გახარიას პარტიიდან წასული პოლიტიკოსების, თეონა აქუბარდიას და დიმიტრი ცქიტიშვილის შესახებ და თქვა, რომ ისინი მოკლევადიანი პროექტები იყვნენ, ხოლო "მოკლევადიან პროექტს აქვს დასაწყისი და აქვს დასასრული".
"პატივისცემა თითოეულ მათგანს, მაგრამ როგორც ეს ადამიანები პოზიციონირებენ, მოკლევადიანი პროექტები იყვნენ ამ პარტიისთვის. მოკლევადიან პროექტს აქვს დასაწყისი და აქვს დასასრული. მადლობა მათ გაწეული შრომისთვის, მაგრამ არც თეონა აქუბარდიაზე დგას ეს პარტია და არც დიმიტრი ცქიტიშვილზე". - ამბობს სიჭინავა.





