6 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც თავდაცვის დეპარტამენტს ძველი დასახლება, "ომის დეპარტამენტი" დაუბრუნდება. ეს დეპარტამენტის თავდაპირველი სახელწოდება იყო, რომელიც 1789 წლიდან 1947 წლამდე გამოიყენებოდა.
ტრამპის თქმით, თავდაპირველი სახელწოდება უკეთ ასახავს სამხედრო გამარჯვებებს და გულწრფელად წარმოადგენს იმას, რასაც დეპარტამენტი რეალურად აკეთებს.
"ჩვენ მოვიგეთ პირველი მსოფლიო ომი, მოვიგეთ მეორე მსოფლიო ომი, მოვიგეთ ყველაფერი, რაც მანამდე და მათ შორის იყო და შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ "ვოუქ" გავმხდარიყავით და სახელი თავდაცვის დეპარტამენტად შევცვალეთ" - თქვა ტრამპმა ბრძანების ხელმოწერისას.
ბრძანების მიხედვით, "ომის დეპარტამენტი" უწყების დამატებითი სახელწოდება იქნება და ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, ამ გზით ადმინისტრაცია კონგრესის თანხმობის აუცილებლობას გვერდს უვლის.
აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ მუდმივ სახელის ცვლილებას კონგრესის თანხმობა დასჭირდება, თუმცა ფლორიდის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა გრეგ სტუბიმ და იუტას რესპუბლიკელმა სენატორმა მაიკ ლიიმ წარმოადგინეს კანონპროექტი, რომელიც ცვლილებას ოფიციალურს გახდის.
ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო სიმბოლური ცვლილებების განხორციელება: პენტაგონის defense.gov ვებსაიტის სტუმრები ავტომატურად war.gov-ზე გადამისამართდებიან.





