თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს, საბოლოო სიტყვით ანდრო ჭიჭინაძემაც ისარგებლა. დარჩენილია რამდენიმე ბრალდებულის საბოლოო სიტყვა, რის შემდეგაც ნინო გალუსტაშვილი სათათბიროდ გავა და განაჩენს გამოაცხადებს.
"მინდა, პროკურორებს მოგმართოთ.
ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც 9 თვის განმავლობაში ჩემ მიმართ აკეთებდით. თუმცა, ამ პატიებას თხოვნა მოჰყვება - უბრალოდ, ისეთ საქმეებს ნუღარ აიღებთ, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში გაშვებაში იღებთ მონაწილეობას - ეს მოსამართლესაც ეხება.
მადლობა ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნაცნობებს, უცნობებს, ადვოკატებს, ჟურნალისტებს, სახელოვნებო სფეროს - ჩემი მხრიდან გპირდებით, რომ ის დიდი ენერგია, რომლის წყაროც თქვენ ხართ, კარგ და დადებით საქმეს მიემართება...
ხალხი როგორც კი ერთიანდება, ისევ ქართველის ხელით ისეთი რამე ხდება, რომ ხალხი ისევ იყოფა. ეს რუსული პოლიტტექნოლოგიების ნაწილია, რაშიც მათ ბადალი არ ჰყავთ.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციას გადაუხვია. ამ განცხადებამ ჩემში წუხილი გამოიწვია და აქციაზე წავედი. აბა, ჰკითხეთ ევროკავშირის წევრებს, რომელმა დათმო კულტურა ან სუვერენიტეტი? პასუხია - არცერთმა.
უსამართლობაზე მეტად არაფერი მეზიზღება. ერი შეთანხმებული ვართ, რომ ევროპული გზა გვინდა. 29 ნოემბერს, აქციაზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციის მხრიდან ხალხის მიმართულებით შუშის ბოთლი გამოფრინდა, გვაგინებდნენ და აგრესიულები იყვნენ. ჩვენ ჯგუფურ დანაშაულზე აღარაფერს ვიტყვი, მოგონილია. არცერთმა დაზარალებულმა მოწმემ არ თქვა, რომ ჩემი ქმედებით დაზიანება კი არა, ვინმეს საფრთხე მაინც შეექმნა - ასეთი ადამიანი არ არსებობს.
90 წლის განმავლობაში თეატრმა ვერ მოახდინა საზოგადოებაზე ისეთი შთაბეჭდილება, როგორც თანამედროვე ქართულმა სასამართლომ. ბევრია, ვისაც ნარკოტიკი ჩაუდეს, იარაღი ან ადამიანები, როგორც ჩვენ ერთმანეთი. პროკურატურას ჰყავდა მოწმეები, რომლებიც ჩვენთან არანაირ კავშირში არ არიან. ჩემი მხრიდან არავინ და არაფერი არ დაზიანებულა. ყველა პროცესზე ჩანდა, რომ პროპაგანდისტული ხაზი ჩაუვარდათ. რამდენი სხდომაც ჩატარდა, იმდენით მოვუგეთ პროკურატურას. ჩანდა, რომ ყველა მოწმე ჩვენთვის სასარგებლო იყო. რატომ? იმიტომ, რომ მათ ჩვენთან კავშირი არ აქვთ. იმ ადამიანებს, ვისაც შიშის დანერგვა უნდათ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ" - თქვა ჭიჭინაძემ.





