Telegraph წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ გრძელვადიანი სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთ ნაწილად უკრაინაში ამერიკული კერძო სამხედრო კომპანიების განთავსებას განიხილავს.
გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპი ევროპელ მოკავშირეებთან უკრაინაში ამერიკელი შეიარაღებული კონტრაქტორების მიერ საფორტიფიკაციო ნაგებობების აშენებისა და ამერიკული ინტერესების დაცვის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამერიკელი კონტრაქტორები შესაძლოა უკრაინაში, ავღანეთისა და ერაყის მსგავსად, ფრონტის ხაზზე თავდაცვითი ნაგებობების აღდგენისა და ახალი ბაზების აშენების მისიით ჩავიდნენ.
გამოცემას წყაროები უყვებიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იქნება ოფიციალური ამერიკული ჯარი, შეიარაღებული ამერიკელი მოქალაქეების ფრონტის ხაზზე ყოფნა რუსეთის შეკავებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება.
Telegraph იუწყება, რომ გეგმა სხვა უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად განიხილება, რომლებიც "მსურველთა კოალიციის" მიერაა შემუშავებული. ქვეყნების ამ ჯგუფს გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ხელმძღვანელობენ.
გამოცემას სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წყაროები უყვებიან, რომ სამშვიდობო გეგმის პროექტი ევროპული ქვეყნების მიერ უკრაინაში სამხედროების განლაგებას მოიცავს, თუმცა აღნიშნავს, რომ თავდაპირველად ქვეყნები უკრაინაში 30 000-იანი სამხედრო ძალის განთავსებას გეგმავდნენ, ხოლო შემდეგ საჭირო რესურსების არ ქონის გამო ეს რიცხვი თავად შეამცირეს.
Telegraph აღნიშნავს, რომ ევროპული ქვეყნები უკრაინაში ძალების განთავსებისთვის აშშ-ს ლოჯისტიკურ და სადაზვერვო დახმარებას აუცილებელ კომპონენტად თვლიან.





