პოლონეთის თავდაცვის მინისტრი და ვიცეპრემიერი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში რუსეთს პროვოკაციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, 20 აგვისტოს ღამით რუსულმა დრონმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა.
რუსული დრონი ლუბლინის ოლქის დასახლებაში, ოსინაში სიმინდის ყანაში ჩამოვარდა და აფეთქდა, რის შედეგადაც რამდენიმე სახლში ფანჯრები დაიმსხვრა, თუმცა არავინ დაშავებულა.
"რუსეთი კვლავ უწყობს პროვოკაციებს NATO-ს ქვეყნებს - რუმინეთში, ლიტვასა და ლატვიაში დრონების ინციდენტების, ასევე NATO-ს ფაქტობრივად ყველა ქვეყნის, განსაკუთრებით კი სკანდინავიის, ბალტიის ქვეყნების, ასევე პოლონეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ. კვლავ გვაქვს საქმე რუსეთის მხრიდან პროვოკაციასთან, რუსული დრონის გამოყენებასთან. ეს განსაკუთრებული მომენტია, როდესაც მშვიდობის შესახებ დისკუსიები მიმდინარეობს". - თქვა კოსინიაკ-კამიშმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პროვოკაცია "კრიტიკულ მომენტში", უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობის დროს მოხდა.
"იმ მომენტში, როდესაც არსებობს იმედი, რომ ამ ომს, რომელიც რუსეთმა დაიწყო, უკრაინული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ომს, ომს, რომელიც ასევე NATO-ს ქვეყნებს ემუქრება, დასრულების შანსი აქვს, რუსეთი კვლავ პროვოკაციებს აწყობს". - თქვა მინისტრმა.
კოსინიაკ-კამიშმა თქვა, რომ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროებს შორის შეხვედრები გრძელდება, ხოლო ვითარების შესახებ ინფორმაციას "ყველა მოკავშირეს" მუდმივად აწვდიან.
მანამდე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ დაადასტურა, რომ აღმოსავლეთიდან პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვა და თქვა, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "დამნაშავესთან" პროტესტი გამოხატა.
პარალელურად, შიკორსკის მოადგილემ, პაველ ვრონსკიმ Reuters-თან საუბრისას თქვა, რომ სიმინდისი ყანაში აფეთქებული ობიექტი რუსული შაჰედის ტიპის დრონი იყო.





