რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლავროვი: დასავლეთში ესმით, რომ უსაფრთხოების საკითხების რუსეთის გარეშე განხილვა უტოპიაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას, 2023 წლის 31 აგვისტო.
REUTERS/Maxim Shemetov/Pool/File Photo

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინასთან მიმართებით უსაფრთხოების გარანტიების გადაწყვეტა რუსეთის გარეშე შეუძლებელია

"ვერ დავეთანხმებით არსებულ წინადადებას, რომ უსაფრთხოების საკითხები, კოლექტიური უსაფრთხოება შეიძლება რუსეთის გარეშე გადაწყდეს. ეს არ გამოვა. ჩვენ უკვე არაერთხელ განვმარტეთ, რომ რუსეთი არ ამეტებს საკუთარ ინტერესებს და ჩვენ მყარად და მკაცრად დავიცავთ ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესებს. დარწმუნებული ვარ დასავლეთში, პირველ რიგში აშშ-ში, შესანიშნავად ესმით, რომ რუსეთის გარეშე უსაფრთხოების საკითხების სერიოზულად განხილვა უტოპიაა, არაფრისკენ მიმავალი გზა" – ამბობს ლავროვი.

რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს შორის. ერთ-ერთი მთავარი განხილვის საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა იყო.

ტრამპის თქმით, აშშ მზად არის საჰაერო გზით დაეხმაროს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 

"უსაფრთხოებას, [ევროპელები] მზად არიან ადგილზე ხალხი გაგზავნონ. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ სხვადასხვა საკითხებში, განსაკუთრებით, საჰაერო გზით, რადგან არავის აქვს ისეთი აღჭურვილობა, როგორიც ჩვენ გვაქვს" – ამბობს ტრამპი.

ხოლო გამოცემა Bloomberg საკითხზე ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკვე დაახლოებით ათმა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ "დამზღვევი ძალები" გაგზავნონ. 

კომენტარები