თეთრ სახლში დონალდ ტრამპის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების ერთობლივი შეხვედრა დასრულდა.
18 აგვისტოს ვაშინგტონში, უკრაინის კონფლიქტის დასრულებაზე სალაპარაკოდ ერთმანეთს ჯერ ზელენსკი და ტრამპი შეხვდნენ. მოგვიანებით თეთრმა სახლმა კიდევ ერთ შეხვედრას უმასპინძლა, რომელსაც აშშ-ს და უკრაინის პრეზიდენტების გარდა NATO-ს გენერალური მდივანი, ევროკომისიის პრეზიდენტი და 5 ევროპული სახელმწიფოს ლიდერი დაესწრო.
შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა და ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ისაუბრეს.
"ჩვენთვის დიდი პატივია უკრაინის პრეზიდენტის ხილვა. პუტინთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა, არის შედეგის მიღების შანსი. დღეს თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, გვექნება სამმხრივი შეხვედრა". – თქვა ტრამპმა შეხვედრის დასაწყისში.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება აშშ-ს ყველანაირი დახმარება, როგორც შეიარაღება, ისე დაზვერვის მონაცემები.
ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ასე უპასუხა:
"არ მგონია რომ ცეცხლის შეწყვეტა გვჭირდება, ვმუშაობთ განგრძობით შეხვედრაზე. ვიმუშავებთ უკრაინასთან და ყველასთან, და დავრწმუნდებით, თუ დადგა მშვიდობა, ეს მშვიდობა შენარჩუნდება დიდხანს. არ ვსაუბრობთ ორწლიან მშვიდობაზე, რომლის შემდეგაც ისევ ამ არეულობაში აღმოვჩნდებით".
აშშ-ს პრეზიდენტს ასევე კითხეს, იგეგმება თუ არა ამერიკული მშვიდობისმყოფელი კონტინგენტის შეყვანა კონფლიქტის ზონაში. ტრამპმა უპასუხა, რომ "ამის შესახებ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს".
ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან შეხვედრის შედეგებს ვლადიმირ პუტინს გააცნობს.
ზელენსკი-ტრამპის შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტებმა ევროპის ლიდერებთან ერთად პრესკონფერენცია მოაწყვეს, რომელზეც სამიტის თითოეულმა წევრმა აზრი დააფიქსირა.
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი: რუსეთი თანახმაა, რომ უკრაინას მიეცეს უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოების გარანტიებზე. ვფიქრობ უკრაინას შეუძლია რუსეთის მხრიდან დადებითი ნაბიჯების გადადგმას დაელოდოს. ვიცი, რომ რუსეთში ათასობით უკრაინელი ტყვეა. ისინი შესაძლოა მალე გათავისუფლდნენ, დაუყოვნებლივ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი: ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ ტრამპთან. ვისაუბრეთ უსაფრთხოების გარანტიებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ გარანტიების მიღების პროცესში მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს. გვქონდა კონსტრუქციული, კონკრეტული შეხვედრა.
NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე: ეს საშინელი ომია და ძალიან მიხარია, რომ რაც შეიძლება მალე ვეცდებით ამ კონფლიქტის მოგვარებას. მადლობას გიხდით ყველაფრისთვის [მიმართავს ტრამპს], რასაც აკეთებთ.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი: მნიშვნელოვანია NATO-ს მეხუთე მუხლის მსგავსი, მშვიდობის გარანტიების უზრუნველყოფა. ასევე მინდა ვისაუბრო ათასობით უკრაინელ ბავშვზე, რომელიც მოიტაცეს. როგორც დედა და ბებია, შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული ბავშვი უნდა დაუბრუნდეს ოჯახს. ეს ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს.
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი: შემდეგი ნაბიჯები უფრო რთული იქნება. თქვენ იპოვეთ გზა გასულ პარასკევს, მაგრამ ახლა დაიწყება უფრო რთული მოლაპარაკებები. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ ყოველთვის გვინდოდა გვეხილა ცეცხლის შეწყვეტა. ვერ წარმომიდგენია შემდეგი შეხვედრისას ცეცხლი რომ არ იყოს შეწყვეტილი. ამიტომ ამაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ. მოდით ვცადოთ რუსეთზე ზეწოლა, იმიტომ რომ რამდენად ენდობიან ჩვენს ძალისხმევებს, დამოკიდებული იქნება მინიმუმ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაზე.
იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი: ეს მნიშვნელოვანი დღეა, ახალი ეტაპი სამ-ნახევარი წლის შემდეგ, როცა რუსეთის მხრიდან ვერანაირ ნიშანს ვხედავდით, რომ დიალოგისთვის მზად იყვნენ. ასე რომ, რაღაც იცვლება თქვენი [ტრამპის] წყალობით და ასევე ბრძოლის ველზე ჩიხში შესვლის წყალობით, რის მიღწევაც უკრაინელების მამაცობისა და უკრაინისთვის ჩვენი მხრიდან გაწეული ერთიანობის შედეგად გახდა შესაძლებელი. მიზეზი, რატომაც ამას ვახსენებ არის ის, რომ თუკი მშვიდობის მიღწევა და სამართლიანობის უზრუნველყოფა გვსურს, ჩვენ ეს ერთიანად უნდა გავაკეთოთ. თქვენ შეგიძლიათ, იტალიის იმედი გქონდეთ.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი: ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია მომავალში ძლიერი უკრაინული ჯარია. გარდა ამისა, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებები, ჩვენ NATO-ს მხარდაჭერით ვართ მსურველთა კოალიციის წევრები. გარწმუნებთ ევროპელები იაზრებენ, რომ საკუთარი უსაფრთხოებაში შეაქვთ წილი, ასევე უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხში თქვენი დახმარების იმედი გვაქვს.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი: როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინას, ეს ეხება ევროპასა და გაერთიანებულ სამეფოს. აი ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ეს საკითხი და შეხვედრა. ვგრძნობ, რომ სწორი მიდგომის შემთხვევაში შესაძლებელია მივაღწიოთ რეალურ პროგრესს, განსაკუთრებით უსაფრთხოების გარანტიების საკითხებში.
ალექსანდერ სტუბი: ვფიქრობ, ბოლო ორ კვირაში, ალბათ, იმაზე მეტი პროგრესი გვქონდა ამ ომის დამთავრების მხრივ, ვიდრე ბოლო სამ-ნახევარ წელიწადში. ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ დღეს ამ მაგიდის გარშემო ვართ საკმაოდ სიმბოლურია იმ გაგებით, რომ ეს არის ევროპის გუნდი და აშშ-ს გუნდი, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან და ის პროგრესი, რისი დანახვაც ამ შეხვედრიდან გვსურს, უსაფრთხოების გარანტიებს ეხება, რაც დიდი ნაწილია ამის და, რა თქმა უნდა, ასევე თქვენს [პრეზიდენტ ტრამპს], პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის სამმხრივი შეხვედრის გამართვისკენ წინსვლა.
ვაშინგტონის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, 15 აგვისტოს, დონალდ ტრამპი ალასკას შტატში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა.





