ტრამპი-პუტინის სამიტი

თეთრი სახლი: ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ტრამპი NATO-ს ლიდერებს ესაუბრა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Chip Somodevilla/Getty Images

თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი შედგა, რის შემდეგაც ტრამპი NATO-ს ლიდერებს გაესაუბრა.

15 აგვისტოს ალასკაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ შეხვედრა "პროდუქტიული" იყო და დაამატა, რომ NATO-სა და ზელენსკის იმავე დღეს დაურეკავდა.

შეხვედრის დაწყებამდე ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს ალასკის ელმენდორფ-რიჩარდსონის საჰაერო ბაზაზე შეხვდნენ და ხელი ჩამოართვეს. 

რუსულმა სამთავრობო მედიამ დაწერა, რომ პუტინმა უარი თქვა თავის Aurus-ის ლიმუზინით მგზავრობაზე და სანაცვლოდ აშშ-ს პრეზიდენტს თავის შეჯავშნილ ავტომობილში შეუერთდა. RIA-ს მიხედვით, ტრამპმა პუტინი მანქანაში მიიწვია, რაზეც პუტინი დათანხმდა. 

ამას გარდა, წითელ ხალიჩაზე გამოვლის დროს პუტინს თავზე B-2-ს ტიპის ბომბდამშენმა და ავიაგამანადგურებლებმა გადაუფრინეს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "რომ მოლაპარაკებებმა კონსტრუქციულ და ურთიერთპატივისმცემ გარემოში ჩაიარა".

პუტინის შეფასებით, მოლაპარაკებები "იყო ძალიან საფუძვლიანი და სასარგებლო". - ამის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა ალასკაში მოწვევის წინადადებისთვის და აღნიშნა, რომ "აბსოლუტურად ლოგიკური იყო სწორედ აქ შეხვედრა".

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, პუტინთან "მრავალ პუნქტზე მოხდა შეთანხმების მიღწევა." თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ "შეთანხმება არ იქნება, სანამ შეთანხმება არ იქნება."

"ვერ მივაღწიეთ, მაგრამ კარგი შანსი გვაქვს მიღწევის" - განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.

აღსანიშნავია, რომ მხარეებს ასევე არ გამოუცხადებიათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და არც ის დაუკონკრეტებიათ, თუ რა წინადადებები განიხილეს და რაზე შეთანხმდნენ სამიტის დროს.

პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დასრულების დროს აშშ-ს პრეზიდენტმა პუტინს უთხრა, რომ, სავარაუდოდ, მას მალე მეორეჯერ შეხვდებოდა, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა ინგლისურად უპასუხა: "შემდეგ ჯერზე მოსკოვში".

"ო, ეს საინტერესოა. არ ვიცი. ცოტა მოულოდნელი იყო, მაგრამ ამის შესაძლებლობას ვხედავ." - უპასუხა პუტინს ტრამპმა.

ალასკაში ტრამპისა და პუტინის გუნდებს შორის მოლაპარაკებები თითქმის 3 საათამდე გაგრძელდა.

კომენტარები