არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) განცხადებით, აუცილებელია, რომ გიორგი ახობაძის 8-თვიანი უკანონო პატიმრობის საკითხზე შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 6 აგვისტოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, თითქმის 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ პოლიტიკური პატიმარი გიორგი ახობაძე მტკიცებულებების არარსებობის გამო, უდანაშაულოდ ცნეს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს:
- დაუყოვნებლივ/მყისიერად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა, მით უფრო, რომ საჯაროა საქმის გამომძიებლების, მოწმეების, პროკურორებისა და მოსამართლეთა ვინაობა;
- კანონმდებლობის შესაბამისად, დადგეს საქმეში მონაწილე ყველა პირის პასუხისმგებლობა;
- მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პროაქტიულად მიეწოდოს საზოგადოებას". - წერს DRI.
ორგანიზაციის შეფასებით, გიორგი ახობაძესთან მიმართებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-13 და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლები, რომლითაც დაცულია ადამიანის თავისუფლების უფლება, მისი შეზღუდვა კი დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
"ახობაძის საქმეზე, სასამართლომ 8-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, გამამართლებელი განაჩენი სწორედ სათანადო მტკიცებულების არარსებობას დააყრდნო და თავადაც დაადასტურა მისი უფლებების უხეში დარღვევა და საქმის პოლიტიკური მოტივი.
გარდა ამისა, ქართული ოცნების წევრების მიერ გიორგი ახობაძესთან მიმართებით (ასევე, აქციების კონტექსტში დაკავებულ სხვა პირთა მიმართებითაც) გაკეთებული განცხადებები, კიდევ ერთი დასტურია, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო - უდანაშაულობის პრეზუმფცია უკანონო პატიმართან მიმართებით არაერთხელ დაირღვა. ამასთან, ირაკლი კობახიძემ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აღნიშნა, რომ მიუხედავად ბრალდების მართებულობისა, საქმეში არ არსებობდა ვიდეო-მტკიცებულება, შესაბამისად, „100%-იანი მტკიცებულების გარეშე სასამართლოს ევალება გაათავისუფლოს ადამიანი." აღნიშნული განცხადება განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როდესაც სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ ხელმისაწვდომი არ არის". - წერს DRI.
ორგანიზაციის განცხადებით, ჩნდება ეჭვი შესაბამისი უწყებების კოორდინირებულად მოქმედებაზე, რასაც შედეგად გიორგი ახობაძის უკანონო პატიმრობა მოჰყვა.
6 აგვისტოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. პროკურატურა სააპელაციო წესით გასაჩივრებას აპირებს.
გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს საპროტესტო აქციიდან სახლში მიმავალი პოლიციამ დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს.





