სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება

სამადაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაზე: ესაა რეალური მშვიდობის შედეგი

კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველო თეთრ სახლში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმებას გამოეხმაურა.

პარტიის განცხადებით, ეს იყო შეთანხმება როგორც გრძელვაიდანი მშვიდობისთვის, ასევე სატრანსპორტო გზის შექმნისთვის.

"გუშინ ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ ისტორიული შეთანხმება, რომელიც ჩვენმა მეზობლებმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობის ქვეშ გააფორმეს. ამერიკის უშუალო თანამონაწილეობით, მისი ფინანსური და უსაფრთხოების გარანტიებით ეს ორი სახელმწიფო შეთანხმდა როგორც გრძელვადიან მშვიდობაზე და ასევე აღდგენაზე კეთილმეზობლური ურთიერთობების. ასევე მიღწეული იქნა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული შეთანხმება ახალი სატრანსპორტო გზის შესაქმნელად, რომელიც დასავლეთის ქვეყნებს დააკავშირებს კასპიის ზღვის რეგიონის ქვეყნებს, ზანგეზურის დერეფნის აღდგენის, ამოქმედების, ამერიკული უსაფრთხოების გარანტიებით და ამერიკული ფულით ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელების." - თქვა სალომე სამადაშვილმა.

კოალიციის შეფასებით, ეს არის ნამდვილი მშვიდობა და არა ის, როცა ქართული ოცნება რუსეთის ყველა დავალებას ასრულებს.

"ეს არის სწორედ რეალური მშვიდობის შედეგი, რასაც ჩვენ ვულოცავთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს და კიდევ ერთხელ უნდა ავუხსნათ ჩვენს თანამოქალაქეებს, რა არის განსხვავება რეალურ მშვიდობას და იმ ყალბ მშვიდობას შორის, რომელზეც საუბრობს ქართული ოცნება, რომელიც მშვიდობას ეძახის რუსეთის ყველა დავალების შესრულებას, მათ შორის იმას, რომ საქართველოს დღეს დაკარგული აქვს საკუთარი სტრატეგიული მნიშვნელობა და იმ ფონზე, როდესაც ახალი პროექტები ვითარდება რეგიონში და ჩვენ დავრჩით ყველა ამ პროცესების მიღმა. ერთადერთი რაც ხდება სწორედ ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად არის ის, რომ მარია ზახაროვას პირით რუსეთი უთვლის ივანიშვილის ხელისუფლებას, რომ მოემზადოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებისთვის და მათთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის." - განაცხადეს ბრიფინგზე.

სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული ოცნება ქართველ ხალხს აკარგინებს იმას, რაც სამი ათწლეულის მანძილზე მოიპოვა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა გაგრძელდეს ყველგან, ქუჩაში, არჩევნებზე, საერთაშორისო ასპარეზზე.

"სამი ათწლეულის მონაპოვარს ქართველ ხალხს დღეს ართმევს რუსული რეჟიმი, რომელიც პირველია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, რომელიც ასრულებს ყველა რუსულ დავალებას… ცხადია, რომ არანაირი არჩევანი საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ აქვს, გარდა იმისა, რომ ებრძოლოს რუსულ რეჟიმს, ებრძოლოს ივანიშვილს, რომელმაც მძევლად აიყვანა ჩვენი სახელმწიფო და ყოველი საქართველოს მოქალაქის მომავალი საკუთარი ფინანსური ინტერესების და რუსეთის პოლიტიკის დასაცავად და ამიტომ ჩვენი ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე.

უნდა გაგრძელდეს ეს ბრძოლა ყველგან, უნდა გაგრძელდეს ქუჩაში, უნდა გაგრძელდეს საარჩევნო ყუთთან, უნდა გაგრძელდეს საერთაშორისო ასპარეზზე იმიტომ, რომ ივანიშვილმა 13 წელი დახარჯა ჩვენს დარწმუნებაში, რომ ჩვენ ვართ არაფრის მაქნისი, უფუნქციო, საცოდავი ქვეყანა და ერი და ახლა დროა, რომ ქართველმა ხალხმა აჩვენოს რუსეთს და ყველა მის დამქაშს, როგორ შეცდნენ და მოიგოს ეს გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის, აღვადგინოთ სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ავაშენოთ ანაკლიის პორტი, დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მოვიპოვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა და დაცულობა თითოეული ქართული ოჯახისთვის." - თქვეს კოალიციის ბრიფინგზე.

გუშინ თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მასპინძლობით სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელზეც მუშაობა ბოლო 4-5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები