სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი გაასაჯაროვეს, რომელსაც ხელი ვაშინგტონში მოაწერეს.
17-მუხლიანი შეთანხმების მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებზე უარს ამბობენ. ქვეყნები ასევე აცხადებენ, რომ მეორე მხარის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური ერთობის დაზიანების მიზნით არ იმოქმედებენ, მსგავს ქმედებებს მხარს არ დაუჭერენ და არ დაგეგმავენ.
ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის შიდა საქმეებში არ ჩაერევიან და ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობასა და პოლიტიკური დამოუკიდებლობას აღიარებენ და პატივს სცემენ.
სომხეთი და აზერბაიჯანი ასევე უარს ამბობენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენების მუქარაზე. შეთანხმებით ქვეყნებს ასევე არ დაუშვებენ "მესამე მხარის მიერ მათი ტერიტორიის გამოყენებას მეორე მხარის წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად".
აზერბაიჯანი და სომხეთი ასევე შეთანხმდნენ, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციაზე მუშაობას განაგრძობენ და საზღვარზე მესამე მხარის ძალებს არ განათავსებენ.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ორმხრივი კომისიის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ორივე მხარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მასპინძლობით სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელზეც მუშაობა ბოლო 4-5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
- ტრამპის მარშრუტი, სამშვიდობო შეთანხმება – სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიული სამიტი ვაშინგტონში
- Reuters: სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ზავით აშშ სტრატეგიულ დერეფანზე წვდომას მოიპოვებს
მოლაპარაკებული ხელშეკრულებით სომხეთი აშშ-ს ხანგრძლივი პერიოდით ექსკლუზიურ სპეციალური განვითარების უფლებებს მისცემს იმ დერეფანზე, რომელსაც საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტი, აკრონიმით TRIPP დაერქმევა.





