CBS News რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს CIA-ის მაღალჩინოსნის შვილის მედალი გადასცა, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს ბრძოლის დროს დაიღუპა დაიღუპა.
გამოცემის მიხედვით, ჯილდო - ლენინის ორდენი - უიტკოფს ჯულიანა გალინასთვის უნდა გადაეცა, რომლის 21 წლის შვილი, მაიკლ გლოსი უკრაინაში 2024 წელს გარდაიცვალა. CBS აღნიშნავს, რომ უცნობია, რა ბედი ეწია ჯილდოს.
აღსანიშნავია, რომ ლენინის ორდენი სსრკ-ში 1930 წლიდან გაიცემოდა და კავშირის დაშლის, 1991 წლის შემდეგ ამ ორდენით არავინ დაჯილდოებულა. 1992 წელს მიღებულ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდოების შესახებ კანონში ლენინის ორდენი აღნიშნული არაა.
გალინა ამჟამად CIA-ში ციფრული ინოვაციების დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
აპრილში CIA-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გალინას შვილის გარდაცვალება, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხს არ წარმოადგენდა.
CBS News-ს ორი ინფორმირებული წყარო უყვება, რომ არ არსებობს მტკიცებულება, თითქოს გლოსი რუსეთის მთავრობის მიერ ყოფილიყო რეკრუტირებული და რომ კრემლი, როგორც ჩანს, არ იყო ინფორმირებული გლოსის ოჯახის წარსულზე, როდესაც მისი ცხედარი დააბრუნა.
გამოცემა წერს, რომ თეთრი სახლის, CIA-ისა და ვიტკოფის პრესსპიკერებმა ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს. აშშ-ში რუსეთის საელჩოს სპიკერმა CBS News-თან განაცხადა, რომ ოფიციალური კომენტარი არ არსებობს და ჯილდოს შესახებ არც კრემლსა და არც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯაროდ არაფერი გაუმჟღავნებია.
განახლება: CNN-ის ინფორმაციით, პუტინმა უიტკოფს არა ლენინის ორდენი, არამედ სიმამაცის ორდენი გადასცა.





