კრიმინალი

ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა 2 ადამიანი - შსს-მ 6 პირი დააკავა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 6 პირი დააკავეს.

"ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამართალდამცველებმა 1988 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს, ხოლო, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია: 1981 წელს დაბადებული ი.მ., 1989 წელს დაბადებული ლ.მ., 1992 წელს დაბადებული დ.წ., 1992 წელს დაბადებული ბ.თ. და 1991 წელს დაბადებული გ.შ." - წერია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

8 აგვისტოს ქალაქ გორში ურთიერთშელაპარაკების დროს ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა 2 ადამიანი. ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ქალაქ გორში, ბრალდებულმა დ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2003 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს. წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარების მიზნით, დაპირისპირებული მხარეები, თანმხლებ პირებთან ერთად მოგვიანებით კვლავ შეიკრიბნენ. განმეორებით მომხდარი დაპირისპირებისას, დანაშაულში ბრალდებულმა პირებმა ლ.ნ.-სა და მისი თანმხლები პირების მიმართ ჯგუფური ძალადობა განახორციელეს, რა დროსაც დ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა და ქვედა კიდურების არეში დაჭრა ლ.ნ.-ს ძმა, დ.ნ. და მისი მეგობარი, ე.ნ. ორივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული. მომხდარის შემდეგ, ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა დ.გ.-ს სარდაფში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - Molot Arms-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 236-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები