რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთმა გაზის ინფრასტრუქტურაზე იერიშით ზამთრისთვის ჩვენს მზადებას დაარტყა

ვოლოდიმირ ზელენსკი
ზელენსკის ადმინისტრაცია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა ოდესის ოლქში ნოვოსელსკოეს დასახლებაში გაზის ინფრასტრუქტურაზე მიიტანა იერიში და ზამთრისთვის უკრაინის მზადებას “შეგნებული დარტყმა” მიაყენა.

რუმინეთის საზღვართან მდებარე ნოვოსელსკოეში ორლოვკა-ისაჩკას საბორნე გადასასვლელი მდებარეობს, საიდანაც უკრაინა ტრანსბალკანური დერეფნიდან გაზს იღებს. 

ამის შესახებ ზელენსკი საკუთარ Telegram-არხზე წერს

“ასევე ღამით - უნამუსო დარტყმები დნეპროპეტროვსკის ოლქში ელექტრონულ ქსელებზე, ხერსონში ადამიანებზე დრონის ჩამოგდება და ოდესის ოლქში ნოვოსელსკოეში გაზის სადგურზე თავდასხმა. ასობით ოჯახი გაზის გარეშე დარჩა. ეს იყო შეგნებული დარტყმა ჩვენს მზადებაზე გათბობის სეზონისთვის, აბსოლუტურად ცინიკური, როგორც ყოველი რუსული დარტყმა ენერგეტიკაზე. ხარკოვის, დონეცკის ოლქებში - [დარტყმები] ადამიანების კერძო სახლებზე იყო”. - წერს ზელენსკი. 

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა ზაპოროჟიეს ოლქში დასასვენებელ ცენტრზე მიტანილი იერიშიც, რომლის "სამხედრო აზრი ნულია". ზელენსკის თქმით, ამ თავდასხმას ამოძრავებს "მხოლოდ სისასტიკე, დასაშინებლად". 

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის რუსეთზე ზეწოლა არის საჭირო. მისივე თქმით, უკრაინა აშშ-სა და სხვა პარტნიორების პოლიტიკურ ნებას ხედავს, მათ ძალისხმევას აფასებს და  "საჭირო გადაწყვეტილებებზე ამყარებს იმედს". 

ცოტა ხნით ადრე ოდესის ოლქის გუბერნატორმა თქვა, რომ რუსეთმა გაზის ინფრასტრუქტურაზე და მთავარ გაზსადენზე მიიტანა იერიში. 

ტრანსბალკანური დერეფანი ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით საბერძნეთიდან უკრაინაში გაზის მიწოდებას შესაძლებელს ხდის და უკრაინას ბერძნულ და თურქულ გაზის ტერმინალებსა და რუმინეთის გაზსადენებს ხელმისაწვდომს ხდის. 

25 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა მზად არის, ევროპაში აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტი დაიწყოს. მისივე თქმით, უკრაინას გაზის ექსპორტისთვის ყველა საჭირო კონტრაქტისთვის ხელის მოწერა სწრაფად შეუძლია, თუკი აღმოსავლეთ ევროპისგან შესაბამისი პოლიტიკური "სიგნალი" იქნება.

კომენტარები