კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აშშ-ს მიერ ინდოეთისთვის ტარიფების ზრდას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი ამერიკულ განცხადებებს "მუქარებად" აღიქვამს და ინდოეთის მიმართ მუქარებს კანონიერად არ მიიჩნევს.
"გვესმის მრავალი განცხადება, რომლებიც ფაქტობრივად მუქარებია. ქვეყნების იძულების მცდელობებია, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები შეწყვიტონ. ამგვარი განცხადებები კანონიერად არ მიგვაჩნია". - თქვა პესკოვმა.
პესკოვის თანახმად, რუსეთი თვლის, რომ "სუვერენულ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ და აქვთ უფლება, თავიანთი სავაჭრო პარტნიორები თავად აირჩიონ".
"ვთვლით, რომ სუვერენულ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ და აქვთ უფლება, თავიანთი სავაჭრო პარტნიორები, სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში პარტნიორები თავად აირჩიონ და თავად აირჩიონ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ის რეჟიმები, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესშია". - თქვა პესკოვმა.
გუშინ, 4 აგვისტოს, აშშ-მ ინდოეთს რუსული ნავთობის შესყიდვის გამო ტარიფები გაუზარდა.
“ინდოეთი არა მხოლოდ დიდი ოდენობით რუსულ ნავთობს ყიდულობს, არამედ შემდეგ მსხვილი მოგებისთვის ღია ბაზარზე ყიდის. მათ არ ადარდებთ, უკრაინაში რამდენი ადამიანი ეწირება რუსეთის ომის მანქანას. ამის გამო, მე მნიშვნელოვნად გავზრდი ინდოეთის მიერ აშშ-სთვის გადასახდელ ტარიფებს” – წერს ტრამპი.
ინდოეთის მთავრობა გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა და ტარიფების ზრდას "გაუმართლებელი" და "არაგონივრული" უწოდა. განცხადების მიხედვით, ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის იმპორტი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს ემსახურება, რაც გულისხმობს ქვეყნის შიგნით მომხმარებლისთვის ენერგეტიკის სტაბილური და ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას.
30 ივლისს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ინდოეთს 1-ელი აგვისტოდან 25%-იან ტარიფებსა ჯარიმას დაუწესებს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ინდოეთს ზედმეტად მაღალი ტარიფები აქვს, რუსულ სამხედრო აღჭურვილობას ყიდულობს და ჩინეთთან ერთად რუსული ენერგიის უმსხვილესი შემსყიდველია.





